„კვარას არაპროგნოზირებადობა აკლიათ“ | Goal-ი ნაპოლის პრობლემებზე წერს
„ნაპოლის“ რთული პერიოდი უდგას და ბოლო შვიდი შეხვედრიდან ერთი მოიგო, რამაც „პარტენოპეის“ საჩემპიონო შანსებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ნეაპოლური გუნდის პრობლემებს Goal-ი გამოეხმაურა და დაწერა მიზეზებზე, რამაც „ნაპოლის“ რეგრესი გამოიწვია.
„ვენეციასთან, სტუმრად გამართულ შეხვედრაში ნათამაშები ფრე, ნაპოლის ამჟამინდელ მდგომარეობას იდეალურად ასახავს. ბოლო პერიოდში, პარტენოპეის სვლა შენელდა და ეს მხოლოდ ბუნებრივი მიზეზებით არაა განპირობებული. ნაპოლის რაღაც აკლია და მისი პოვნა აუცილებელია, რათა ინტერს კონკურენცია ბოლომდე გაუწიონ.
რა სჭირდება ანტონიო კონტეს გუნდს? აშკარაა, რომ ნაპოლის არაპროგნოზირებადობა აკლია. პარტენოპეის არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, არსაიდან გამარჯვების მომტანი ეპიზოდი შექმნას. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს მოთამაშეზე, რომელიც ხელმძღვანელობისგან გარიყულ მდგომარეობაში არ იმყოფება.
ბოლო ექვსი თვე, კვარაცხელიას ნეაპოლურ კარიერაში საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელისგან არაპროგნოზირებადობა და ხარისხი გარანტირებული იყო და ის განსხვავებას ხშირად ქმნიდა. კვარაცხელიას წასვლისა და ნერეშის ტრავმის შემდეგ, რომელიც მისი შემცვლელი უნდა ყოფილიყო, ნაპოლის სერიოზული პრობლემები შეექმნა.
ნერეშს 9 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და მის გარეშე, პარტენოპეის მოსალოდნელზე მეტად უჭირს. ამას დაემატა ზამბო-ანგისას ფიზიკური პრობლემები - ნახევარმცველის, რომელმაც მიმდინარე სეზონში, თავისი ფიზიკური მონაცემების წყალობით, განსხვავება რამდენჯერმე შექმნა.
კონტემ საკადრო პრობლემების გადაჭრა ტაქტიკის ცვლილებით სცადა და 3-5-2-ზე გადავიდა, რომელშიც რასპადორი ლუკაკუსთან ერთად ასპარეზობს. იტალიელ შემტევს პოზიტიური მომენტები ჰქონდა და მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, მაგრამ ნერეშის ხარისხის გარეშე, ნაპოლი ძალიან პრაგმატული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბოლო შვიდ შეხვედრაში, ნაპოლიმ 21-დან მხოლოდ 8 ქულა აიღო და კონტე სანაკრებო პაუზას მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა ფეხბურთელები დასკვნითი 9 მატჩისთვის მოამზადოს. ნაპოლი სეზონს მილანთან შეხვედრით განაახლებს და კონტეს იმედი აქვს, რომ ნერეში გუნდს დაუბრუნდება. მისი ხარისხი, გარღვევები და მოქმედებები, რასაც ზამბო-ანგისასა და ლუკაკუს ოპტიმალური ფიზიკური კონდიციები დაემატება, აუცილებელია, რათა პარტენოპეის საჩემპიონო იმედი ბოლომდე ჰქონდეს“, - წერს Goal-ი.
ცნობისთვის, 29 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 61 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.