ქართველი კარატისტის წარმატება - გელაშვილი პრემიერ ლიგის ჩემპიონია
მერაბ გელაშვილმა ჩინეთში მიმდინარე პრესტიჟული სარეიტინგო ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა „კარატე 1 - პრემიერ ლიგის“ სახელწოდებით ცნობილი შეჯიბრების ფინალში ირანელ სალეჰ აბაზარი 5:3 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი გელაშვილმა, რომელიც +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ხორვატიის, საუდის არაბეთის, იტალიისა და გერმანიის წარმომადგენლებს აჯობა.
ფინალის გარდა, განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა გელაშვილის ნახევარფინალური ორთაბრძოლა, სადაც მან მატეო ავანცინის აჯობა. შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენდა ის ფაქტი, რომ იტალიელთან რამდენიმე კვირის წინ ქართველ კარატისტს პოლონეთის ტურნირზე ჰქონდა წაგებული და ახლა მისი ძლევით სრულფასოვანი რევანში აიღო.
ცნობისათვის, მერაბ გელაშვილის გარდა, ჩინეთის სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს სახელით კიდევ სამი კარატისტი, დავით ტყებუჩავა (60 კგ), ლუკა ვასაძე (84 კგ) და ხვიჩა კიპაროიძე (84 კგ) ასპარეზობდა, თუმცა სამწუხაროდ, სამივე მათგანი მედლის გარეშე დარჩა.