„აუღებელი ბურთი მოიგერია“ | რას წერს Marca მამარდაშვილის თამაშზე
Marca-მ „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ცნობილი ესპანური გამოცემა „მამარდას“ მიერ, „ჟირონასთან“ ნაჩვენებ თამაშს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქართველი „ღამურა“ ანტიგმირიდან გმირად იქცა.
„ერთი კვირის განმავლობაში, გიორგი მამარდაშვილმა ორი უკიდურესობა გამოცადა. ჯერ იყო ვალიადოლიდთან დაშვებული შეცდომა, რომელსაც გოლი მოჰყვა... შემდეგ კი ორი ძლიერი მოქმედება ჟირონას წინააღმდეგ. ქართველი მეკარე ყოველთვის თავმდაბლობას იჩენდა, რათა შეცდომებზე გაზრდილიყო და ვალიადოლიდთან გამართული მატჩის შემდეგ, სწორედ ეს მექანიზმი აამოქმედა.
მამარდაშვილს კონტრასტული კვირა ჰქონდა. თავდაპირველად იყო ანტიგმირი, რომელსაც შეცდომის გამო, უსტვინეს კიდეც, შემდეგ კი გმირი გახდა, რადგან ორივე სეივის შემდეგ, განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა. ეს იყო დაგროვებული ბრაზის გამოხატვა. განსაკუთრებით, იმ ეპიზოდისას, როცა პრაქტიკულად აუღებელი ბურთი მოიგერია და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენა. ეს იყო შეუძლებელი სეივი, რომლის გაფორმებაც მხოლოდ მამარდაშვილს შეუძლია - მოქმედება, რომლის შემდგომი რეაქციაც ყველაფერს ამბობს. გიორგიმ საკუთარი თავი ხელახლა იპოვა და ისევ კედელია.
მამარდაშვილი მთელი კვირის განმავლობაში მუშაობდა იმაზე თუ როგორ დაეძლია პირადი კრიზისი. მან იცის, რომ საუკეთესო ფორმაში არაა და ეს თემა სამწვრთნელო შტაბის გარდა, ახლობელ ადამიანებთანაც განიხილა. ამ დიალოგებში გამოჩნდა ის, რაც მას ყველაზე მეტად გამოარჩევს. ასაკის მიუხედავად, 24 წლის გოლკიპერს განსაკუთრებული ხასიათი აქვს და მთელი გულით სჯერა, რასაც აკეთებს. მამარდაშვილი თვლიდა, რომ ყველას ვალი ჰქონდა და ვალიადოლიდთან დაშვებული შეცდომა ჟირონასთან გაფორმებულმა საოცარმა სეივმა გადაფარა. ანტიგმირიდან გმირობამდე!“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ „ჟირონასა“ და „ვალენსიას“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, მამარდაშვილს კი სამი სეივი ჰქონდა. დარტყმა, რომელზეც Marca-მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, არნაუ მარტინესს ეკუთვნოდა და გიორგიმ მისი თავური მოიგერია.