Kicker-მაც გამოარჩია | ზივზივაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ უშუალო კონკურენტს, „ჰოლშტაინ კილს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა, რაშიც ბუდუმ უდიდესი წვლილი შეიტანა.
ზივზივაძე ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. 47-ე წუთზე, „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ანგარიში 2:0 გახადა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი კონტეჰს გაატანინა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბუდუს კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ზივზივაძე Sofascore-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და ქართველი თავდამსხმელი ავტორიტეტულმა გერმანულმა გაზეთმა, Kicker-მაც გამოარჩია, რომელმაც იგი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ცნობისთვის, „ჰაიდენჰაიმს“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. ბუდუს რაც შეეხება, მან გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. წინა ტურში, ზივზივაძემ „ჰოფენჰაიმის“ კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.