„რიგში ჩადექი ძმაო“ | უიტეკერს დოლიძესთან ჩხუბი არ უნდა და სხვა გეგმები აქვს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რობერტ უიტეკერი რომან დოლიძის გამოწვევას გამოეხმაურა. მარვინ ვეტორის დამარცხების შემდეგ, „კავკასიელმა“ უიტეკერთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, რაზეც „რიპერმა“ MMArcade Podcast-ში ისაუბრა.
„ვეტორისა და დოლიძის ჩხუბის რაუნდ-ნახევარს ვუყურე და ჩემს თავს ვუთხარი, ამ ორთაბრძოლიდან ვერაფერს მივიღებ-მეთქი და ვიდეოთამაშ Monster Hunter Wilds-ს დავუბრუნდი. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მათ პირველ ორთაბრძოლაში. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ერთმანეთს ბარში შეხვდნენ და ჩხუბი დაიწყეს. ვფიქრობ, მესამედ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.
დოლიძის გამოწვევა? ვცდილობ, ტოპ 5-ის წევრ მებრძოლთან ვიჩხუბო. რიგში ჩადექი, ძმაო“.
შეგახსენებთ, რომ დოლიძემ ვეტორი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ, „კავკასიელმა“ იტალიელ მებრძოლს მადლობა გადაუხადა და უიტეკერის გარდა, ისრაელ ადესანიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ვეტორი ტოპ 10-ში მერვე ადგილზე იყო და რეიტინგის განახლების შემდეგ, „კავკასიელი“ მის პოზიციას დაიკავებს.