გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მეფე გიორგი წყალზე დადის“ | რას წერს LEquipe-ი მიქაუტაძის თამაშზე

გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში, გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, როდესაც „ლიონი“ „ლე ავრთან“ 1:2-ს აგებდა და 3 საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. მიქაუტაძის თამაში ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, L’Equipe-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მას საინტერესო სტატია მიუძღვნა.

„ლე ავრის წინააღმდეგ ჩატარებული დამანგრეველი მატჩის შემდეგ, მიქაუტაძეს, მიმდინარე კვირაში, ლიონის მიერ გატანილი 8 გოლიდან 7-ში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის წყალზე დადის, მისი კლუბი კი ამით სარგებელს იღებს და ტოპ 3-ს უახლოვდება.

კვირას, მეცის ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე შევიდა და რაინ შერკი შეცვალა. მისი გამოჩენისას, ლე ავრი 2:1-ს იგებდა, მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ, „მეფე გიორგის“ ტალანტის წყალობით, ყველაფერი დასრულებული იყო.

აი, რა გააკეთა მიქაუტაძემ: მშვენივრად წაკითხული სიტუაცია და გამოზომილი საგოლე გადაცემა მალიკ ფოფანას მისამართით. ამის შემდეგ, იყო საოცარი გოლი - მოულოდნელი დარტყმა ცუდად მოგერიებული კუთხურიდან და არაამქვეყნიური გასროლა, რის წყალობითაც ლიონი დაწინაურდა. ბოლოს კი, თავდაჯერებულმა და შეუჩერებელმა ქართველმა მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და ტიაგო ალმადას გაატანინა.

გიორგი მიქაუტაძე ლე ავრის წინააღმდეგ

ამ კვირაში, მიქაუტაძემ მოედანზე 110 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. ეს საკმარისია, რათა კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელებს, როგორებიც მოჰამედ სალაჰი და უსმან დემბელე არიან, მისი შურდეთ. რაც მთავარია, გიორგიმ ლიონის საშინაო არენა საკუთარ მოედნად აქცია და ეს მას შემდეგ, რაც თავდაპირველად, არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა.

მიქაუტაძის შესანიშნავი ფორმის პარალელურად, პრობლემები აქვს ლაკაზეტს. მან პენალტით ანგარიში კი გახსნა, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდისას, არაეფექტური იყო. მიქაუტაძისა და ლაკაზეტის ანგარიშზე, ყველა ტურნირის ეგიდით, 13-13 გოლია, მაგრამ ქართველს გაცილებით ნაკლები აქვს ნათამაშები.

გიორგი სავარჯიშო სესიების შემდეგაც ბევრს მუშაობს. იგი ფონსეკას ასისტენტთან, დამიენ დელა სანტასთან ერთად, ვიდეო ანალიზებს აკეთებს და ტაქტიკური უნარების გაუმჯობესებას ცდილობს. სანაკრებო პაუზაზე, სომხეთთან გასამართ მატჩებში, ის გარემოს გამოიცვლის და გუნდს პარასკევს, 28 მარტს, სტრასბურგთან ჩანიშნული შეხვედრისთვის დაუბრუნდება“, - წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და 20 მარტს, სომხეთის წინააღმდეგ სტუმრად ჩანიშნულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. „ჯვაროსნები“ განმეორებით თამაშს 23 მარტს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბურთის კონტროლი, პასი თუ დრიბლინგი სრულყოფილი იყო“ - ხვიჩას ფრანგული მედია აფასებს
„ბურთის კონტროლი, პასი თუ დრიბლინგი სრულყოფილი იყო“ - ხვიჩას ფრანგული მედია აფასებს