ვირტუსის მარცხი აუტსაიდერთან - შენგელიას 12 ქულა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის XXII ტურში „ვირტუსი“ 16-გუნდიან პირველობაში მე-14 ადგილზე მყოფ „ნაპოლისთან“ სტუმრად სენსაციურად, 88:93 დამარცხდა. თორნიკე შენგელია თანაგუნდელების მსგავსად მისი კლასიდან გამომდინარე, შედარებით უფერულად გამოიყურებოდა და შესაბამისად, ბოლონიელებიც წაგებისგან ვერ გადაარჩინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თოკო სხვებზე ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და შედეგიანობის თვალსაზრისით მხოლოდ ორმა თანაგუნდელმა აჯობა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ ცხრიდან სამი ორქულიანი და შვიდიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან ერთხელაც არ უსვრია. ექვსი მოხსნიდან სამი - დაცვაში, სამი კი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
22 ტურის შემდეგ 16 მოგებითა და 6 წაგებით „ვირტუსი“ „ტრაპანისთან“ ერთად სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. 20 მარტს, შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგაში სტუმრად თელ ავივის „მაკაბის“ შეხვდებიან, ხოლო ჩემპიონატში შემდეგ შეხვედრას 22 მარტს, სტუმრად „ტრიესტესთან“ ჩაატარებენ.