ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ფაბიან რუისი
Aa
Aa

პსჟ-მა მარსელს მოუგო - ხვიჩამ 80 წუთი ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსან „მარსელს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა, რითაც პრაქტიკულად ჩემპიონობაც გაინაღდა. პარიზულმა გუნდმა „მარსელთან“ ქულათა სხვაობა 19-მდე გაზარდა და დარჩენილ ტურებში რთულად წარმოსადგენია, რომ პარიზელებმა ეს უპირატესობა გაანიავონ.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. ხვიჩას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, თუმცა, მისი თამაში მაინც დამაკმაყოფილებელი იყო. კვარაცხელიამ პირველი გოლის ეპიზოდში პრეასისტი შეასრულა და ამასთან, განსაკუთრებით გამორჩეული პირველი ნახევარი ჰქონდა.

კვარას მომენტები მარსელთან:

ანგარიში მე-17 წუთზე უსმან დემბელემ ფაბიან რუისის გადაცემის შემდეგ გახსნა, ამ უკანასკნელს კი პასი სწორედ ხვიჩამ გაუკეთა. 42-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა და პარიზულმა გუნდმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმში, 51-ე წუთზე გუირიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი 76-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ლიროლამ ავტოგოლი გაიტანა და შედეგად, პსჟ-მა 3:1 გაიმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 42 შეხება, 25-დან 23 ზუსტი პასი, აქედან 1 საკვანძო. საშუალოდ 0.11 შექმნილი საგოლე მომენტი. 11 პოზიციური დუელიდან 4 მოიგო, 3 დრიბლინგის მცდელობიდან 1 ზუსტი ჰქონდა. მეტოქეს ბურთი ორჯერ აართვა. ცნობილ სტატისტიკურ პოსტალ Sofascore-ზე მისი თამაში 6.7 ქულით შეფასდა.

ხვიჩა კვარაცხელია მარსელის წინააღმდეგ

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ გამარჯვებით, პსჟ-მა ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 68 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „მარსელს“, რომელსაც 49 ქულა აქვს, 19 ქულით გაუსწრო. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, სტუმრად ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები