გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„შეუდარებელი მეფე გიორგი“ - ფრანგული პრესა მიქაუტაძეს აფასებს

გიორგი მიქაუტაძე არამხოლოდ „ლიონში“, არამედ თავის კარიერის მანძილზე ალბათ საუკეთესო ფორმაშია - 24 წლის ქართველმა ფორვარდმა ხუთშაბათს, ევროპა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში „სტიაუსთან“ სრულად ითამაშა და 2 გოლთან ერთად ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. იმის გამო, რომ ეს მატჩი სულ რაღაც ორიოდე დღის წინ იყო, მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ დღეს მისი დასვენება გადაწყვიტა, თუმცა როდესაც მიხვდა, რომ „ოლიმპიკი“ საკუთარ სტადიონზე „ლე ავრს“ ვერაფერს უხერხებდა, ქართველ ფორვარდს უხმო.

მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ 77-ე წუთზე გამოჩნდა, მაინც ბევრი რამის გაკეთება მოასწრო და მატჩის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა. გიორგიმ ერთი ეფექტური გოლი თავად გაიტანა, თითოჯერ კი ასისტენტობა მალიკ ფოფანასა და ტიაგო ალმადას გაუწია. ბუნებრივია, თამაშის დასრულების შემდეგ თითქმის ყველა წამყვანმა ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ მისი ასპარეზობა უმაღლეს დონეზე შეაფასა.

Ouest-france

„გიორგი მიქაუტაძემ პაულო ფონსეკას ამ ერთ კვირაში ხმაურიანად მიანიშნა, რომ „ლიონის“ ძირითადი და ნომერ პირველი ფორვარდი ის არის. „ლე ავრთან“ ცვლილებაზე შესულმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, მთლიანობაში კი ბოლო ოთხ დღეში გამართულ ორ მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა“.

Maxifoot

„შევიდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა. „ლიონი“ ისევ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ევროპა ლიგაზე კი ოქროს მედლების მოგებას აპირებს. ვისი დამსახურებაა ეს უპირველეს ყოვლისა? ალბათ ყველაზე მეტად გიორგი მიქაუტაძის, რომელიც უბრალოდ ბრწყინვალე და შეუდარებელია“.

Lyonfoot

„თუ ამ შეხვედრაში ტიაგო ალმადა „ლიონის“ შეტევების დირიჟორი გახლდათ, მაშინ გიორგი მიქაუტაძე მეფე იყო. სწორედ მან გაატანინა ტიაგოს ამ სეზონში თავისი მესამე გოლი და არც საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყებია - ჟორჟი უბრალოდ ფენომენალურ ფორმაშია და ასეთივე შედეგიანობას აჩვენებს“.

Lequipe

„გიორგი მიქაუტაძე მოედანზე ამჯერადაც დაფრინავდა. შესაძლოა მას დასვენების საშუალება მიეცა, მაგრამ ის მოედანზე ყველაზე ნაკლებად გადაღლილი ჩანდა. ენერგიული მოძრაობებით „ლე ავრის“ მცველებს თავისი გუნდისთვის არამხოლოდ სამი ქულის, არამედ ქულის მოპოვების შანსიც კი არ დაუტოვა“.

Eurosport

„მიქაუტაძე პაულო ფონსეკასთვის ევროპა ლიგაზე წამყვანი ფიგურა, ლიგა 1-ში კი ოქროს შეცვლა და საიდუმლო იარაღია, რომელსაც მეტოქე გუნდის მცველებისთვის ფატალური შედეგი მოაქვს“.

უახლოეს დღეებში გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და სომხებთან მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას, რომელთა მთავარ მწვრთნელადაც მისი არცთუ კარგი ნაცნობი ჯონ ვან’ტ სხიპი დაინიშნა. ნიდერლანდელი სპეციალისტი „აიაქსში“ მუშაობისას, გიორგის თავის გამოჩენის საშუალებას იშვიათად აძლევდა, რის გამოც მიქაუტაძეს მისი გაწვრთნილი სომხების წინააღმდეგ კიდევ დამატებითი და  განსაკუთრებული მოტივაცია ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიონში საუკეთესო პერიოდი მაქვს“ - მიქაუტაძემ ლე ავრთან მატჩზე ისაუბრა
„ლიონში საუკეთესო პერიოდი მაქვს“ - მიქაუტაძემ ლე ავრთან მატჩზე ისაუბრა