საგზური თითქმის მოპოვებულია - ხელბურთელებმა ბოსნია სტუმრადაც დაამარცხეს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის IV ტურში ტიტე კალანდაძის მომზადებულმა გუნდმა ბოსნიელები სტუმრად 22:20 დაამარცხა, რითაც კონტინენტის პირველობის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა.
სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე გახლდათ, რომელმაც 6 ბურთი გაიტანა. 5 გოლი ერთბაშად ორმა ხელბურთელმა, გიორგი ცხოვრებაძემ და გიორგი დიხამინჯიამ მიითვალა, ხოლო ირაკლი კბილაშვილისა და ერეკლე არსენალის ანგარიშზე 3-3 ბურთია.
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს „თბილისი არენას“ დარბაზში შეხვდნენ და ქართველებმა მაშინაც ორბურთიანი სხვაობით, 28:26 გაიმარჯვეს. ბალკანელებთან ორივე მატჩის მოგებით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულით მეორე ადგილზე ერთპიროვნულად გადაინაცვლა და გამომდინარე იქიდან, რომ ფინალური ეტაპის საგზურს არამხოლოდ მეორეადგილოსნები, არამედ რამდენიმე საუკეთესო შედეგის მქონე მესამე პოზიციაზე გასული გუნდიც იღებს, ქართველმა ხელბურთელებმა დასახულ მიზანს ფაქტობრივად მიაღწიეს.
შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდი მაისში თბილისში ბერძნებთან და რეიკიავიკში ისლანდიელებთან გამართავს.