ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ზივზივაძე საუკეთესო იყო - ჰაიდენჰაიმმა 6-ქულიანი მატჩი მოიგო

როგორც მოსალოდნელი იყო, წინა ტურში გერმანიის ბუნდესლიგაში სადებიუტო ბურთის გატანამ ბუდუ ზივზივაძეზე დადებითი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა და 31 წლის ქართველმა ფორვარდმა მორიგი ტოპ-მატჩი ჩაატარა. XXVI ტურამდე ბოლო პოზიციაზე მყოფმა „ჰაიდენჰაიმმა“ ბოლოსწინაადგილოსან „ჰოლშტეინ კილს“ შეიძლება ითქვას, რომ ექვსქულიან მატჩში აჯობა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

პირველ ნახევარში თანაბარი თამაში მიდიოდა, თუმცა მიუხედავად ამისა მასპინძლებმა დაწინაურება მაინც შეძლეს - ფრანს კრატციგის ჩაწოდების შემდეგ, თავდასხმაში ზივზივაძის პარტნიორმა მარვინ პიერინგერმა მშვენიერი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე ნახევრის დასაწყისში კი თავად ქართველი ფორვარდი მოგვევლინა გმირად, უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა გამოიჩინა და გამოზომილი დარტყმით აიღო „კილის“ კარი, რითაც გამარჯვებულის შესახებ ყველანაირი კითხვის ნიშნები მოხსნა

მართალია, 87-ე წუთზე ფილ ჰარესმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში ჰაიდენჰაიმელებმა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს და მეტიც გააკეთეს - გატანილი ბურთის გარდა, ბუდუ ზივზივაძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ცვლილებაზე სამი წუთის გამოსულ სირლორდ კონტეჰს იდეალური პასი მიაწოდა და საკუთარ აქტივში ასისტიც ჩაიწერა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, 26 ტურში დაგროვებული 19 ქულით „ჰაიდენჰაიმი“ ბოლოსწინა ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, ბუდუ და მისი თანაგუნდელები სანაკრებო პაუზის შემდეგ, 29 მარტს, სტუმრად „ვოლფსბურგთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენტ-ეტიენი მონპელიეს მატჩი გაურკვეველი დროით შეწყდა - ზურიკოს საგოლე პასი ჰქონდა
სენტ-ეტიენი მონპელიეს მატჩი გაურკვეველი დროით შეწყდა - ზურიკოს საგოლე პასი ჰქონდა