მე-9 გოლი ბუნდესლიგაში | კიტეიშვილმა პირადი რეკორდი გაიმეორა
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში 10-კაციანმა გრაცის „შტურმმა’’ შინ ლასკ-ი 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ბუნდესლიგას „შტურმი'' და ვენის „აუსტრია'' 46-46 ქულით ლიდერობენ.
გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, 50-ე წუთზე პენალტი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა. პენალტი გრაცელთა „ათიანმა'' თავად გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ოთოს წინააღმდეგ თამაშის წესი „ბაიერნის'' ყოფილმა მცველმა, 26 წლის ჟერომ ბოატენგმა დაარღვია.
67-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:0 იყო, „შტურმი’’ რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, ლავალეემ წითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად ამისა, გრაცულმა გუნდმა სამი ქულა მოიპოვა. კიტეიშვილი 86-ე წუთზე, 3:2-ზე შეცვალეს.
ავსტრიულ კლუბში 2018 წლიდან თამაშობს, ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო შედეგი 2023-24 წლების სეზონში აჩვენა, 25 თამაშში 9 გოლი შეაგდო და დღეს გატანილი გოლით პირადი რეკორდი გაიმეორა, ამ სეზონში უკვე 9 გოლი დააგროვა.
კიტეიშვილმა, რომელსაც Transfermarkt-ი 5 მილიონ ევროდ აფასებს, მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის 23 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე „ლილთან'' შეაგდო. ასე რომ ამ სეზონში ქართველი ფეხბურთელის აქტივში უკვე 10 გოლია და სეზონის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ორ თვეზე მეტი.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, გურამ კაშიას არყოფნაში, სომხეთთან გასვლით მატჩში ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ამ თემაზე ვილი სანიოლმა ისაუბრა: „სომხეთთან დაპირისპირება ისტორიულია, ჯერ A ლიგისთვის მზად არ ვართ მაგრამ არც C ლიგის გუნდი ვართ. კაპიტანი კიტეიშვილი იქნება, მან ეს როლი კარგად იცის. კაშია თბილისურ შეხვედრაში კვლავ კაპიტანი იქნება. კიტე გუნდის ხერხემალია, „შტურმშიც'' გუნდის კაპიტანია და კარგად იცის, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა კაპიტნობა“.
დღევანდელ მატჩში კიტეიშვილი კაპიტანი არ ყოფილა, თუმცა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის სამ და ბუნდესლიგის რვა მატჩში „შტურმს'' უკაპიტნა.