შერმადინის მე-1000 მოხსნა - კუნძულელებმა ბასკებს მოუგეს
გიორგი შერმადინისთვის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XXIII ტურის შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა, რადგან გარდა იმისა, რომ ვეტერანმა ქართველმა მოთამაშემ ლიგა ენდესაში კარიერაში საიუბილეო, მე-1000 მოხსნა შეასრულა, მატჩის MVP გახდა და ორმაგი დუბლის შესრულებამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა.
„ლაგუნა ტენერიფემ“ ბასკეტში ადგილობრივი „ბილბაო“ 10-ქულიანი სხვაობით, 75:65 დაამარცხა, 35 წლის ქართველმა ლეგიონერმა კი, კანარის კუნძულების კლუბის რიგებში 24 წუთში 21 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა თორმეტიდან რვა ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. ცხრა მოხსნიდან ხუთი დაცვაში, ოთხი კი თავდასხმა შეასრულა. გიორგიმ ბურთი სამჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
18 მოგებითა და 5 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ლიგა ენდესაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას შერმადინი და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად „პეტკიმ სპორთან“ 19 მარტს გამართავენ.