„სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს“ - ვეტორი იმედგაცრუებულია
რომან დოლიძემ ქართველი გულშემატკივრის წინაშე დადებული პირობა შეასრულა და მარვინ ვეტორისთან ორი წლის წინ მსაჯების საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილებით განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო. 36 წლის ქართველის უპირატესობა 25 წუთის განმავლობაში არანაირ კამათის საფუძველს არ იწვევდა, რაც მისმა იტალიელმა მოწინააღმდეგემ თითქმის აღიარა, რაზეც ვეტორის ბრძოლის შემდგომი კომენტარიც კარგად მეტყველებს.
რას ამბობს ვეტორი
ყველაფერი არც ისე ცუდად არის - მხოლოდ რამდენიმე ჭრილობა და სისხლჩაქცევა მაქვს. რას ვიზამთ, ხანდახან ასეც ხდება, რომ ბრძოლაში ყველაფერს ჩადებ, მაქსიმუმს გაიღებ და სათანადო შედეგს მაინც ვერ იმკი.
საკმაოდ ახლო ორთაბრძოლა მიმდინარეობდა და მესამე რაუნდში დოლიძისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენებამდე ძალიან ცოტა დამაკლდა, მაგრამ ალბათ ეს გასამარჯვებლად საკმარისი არ გახლდათ. მეტი სათქმელი არაფერი მაქვს - მადლობა UFC-ის ხელმძღვანელებსა და ასევე მადლობა ჩემს სპარინგ-პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც ამ დაპირისპირებისთვის ვემზადებოდი.
დოლიძესთან შეხვედრამდე მარვინ ვეტორი საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგში მერვე პოზიციაზე იმყოფებოდა და ქართველს ოთხი საფეხურით უსწრებდა, თუმცა განცდილი მარცხი მისი რეგრესის მომასწავებელი უნდა იყოს.