„ტოპ-ათეულის მებრძოლია“ - სეხუდომ დოლიძეზე ისაუბრა
დღეს დილით გამართული UFC-ის ღონისძიების მთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის ორთაბრძოლა გახლდათ, რომელშიც რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 36 წლის ქართველი მებრძოლის გამოსვლით აღფრთოვანება ვერ დამალა მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ, ჰენრი სეხუდომ, რომელმაც ეს დაპირისპირება შემდეგნაირად შეაფასა:
„პირადად ჩემთვის არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩენილა. რომან დოლიძემ ვეტორი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მისი ჩხუბით აღფრთოვანებული დავრჩი. სტრაიკინგში ძალიან მომატებული აქვს და ვფიქრობ, რომ საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ-ათეულში ყოფნას ახლავე იმსახურებს“.
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე დოლიძე დივიზიონში მეთორმეტე ადგილს იკავებდა და ვეტორის დამარცხების შემდეგ სამომავლოდ, ტოპ-ხუთეულის წევრებთან, რობერტ უიტეკერთან, ან ისრაელ ადესანიასთან ჩხუბის სურვილი ღიად გამოთქვა.