ესპანეთი მეორე ტაიმში გავტეხეთ - საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის ფინალში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 41:21 დაამარცხა.
პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. დიდი ხნის განმავლობაში სტუმარი გუნდი იგებდა კიდეც, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ მაინც შეძლეს პირველი ნახევრის გამარჯვებით დასრულება - 17:16. პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. თავი ორჯერ ვანო კარკაძემ გამოიჩინა, ერთი ლელოც კი აკა ტაბუცაძის ანგარიშზეა.
მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა სადაავეები მთლიანად იგდეს ხელთ და მთელი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 5 ლელო დაუდო. ორჯერ თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა, თითო-თითო ლელო კი ვანო კარკაძის, ნიკა აბულაძის და ვასილ ლობჟანიძის ანგარიშზეა.
დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული იყო აკაკი ტაბუცაძისთვის, რომელმაც თავისს მონაგარს კიდევ სამი ლელო დაუმატა და მსოფლიო მელელოვეთა რეიტინგის ტოპ 6-ში შევიდა. 50 ლელოთი ტაბუცაძე მე-6 პოზიცაზე დამკვიდრდა და ლეგენდარულ რორი ანდერვუდს გაუთანაბრდა.
ასევე, დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული იყო ბექა გორგაძისთვის, რომელმაც „ბორჯღალოსნების“ მაისური 50-ე მატჩში მოირგო.
საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონობა ზედიზედ მერვედ იზეიმა, ისტორიაში კი მე-17-ედ შეძლო ამ ტურნირის მოგება. შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ქოქერლის გუნდმა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვა.