სიმართლეს დაამტკიცებს, ყველაფერი სწრაფად გაირკვევა | ტყემალაძე შარიქაძეზე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე’’ მერაბ შარიქაძის შესახებ ისაუბრა.
გასული წლიდან მოყოლებული შარიქაძე ნაკრებს ვერ ეხმარება, რადგან ანტისადოპინგო კომისია გამოძიებას ატარებს, ოფიციალური მხარეები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ტყემალაძე აღნიშნავს, რომ მერაბს არაფერი მოუხმარია და მის მიმართ კითხვები ამოწურულია.
სოსო ტყემალაძე: „ჯერჯერობით, მერაბ შარიქაძესთან დაკავშირებით სიახლე არაა. ამ ყველაფერმა იურიდიულ ფაზაში გადაინაცვლა. მერაბს ძალიან ვუთანაგრძნობ. მგონია რომ ყველაფერი სწრაფად გაირკვევა. მერაბი ქართული რაგბის სახეა. მყარად შემიძლია ვთქვა, რომ მერაბს არაფერი მოუხმარია. მის მიმართ არსებული კითხვები ამოწურულია. არათუ არაფერი მოუხმარია, არამედ ერთ-ერთი თვალსაჩინო მორაგბეა. იქ არსებობს კითხვები, რომლის გახსნის უფლება ჩვენ არ გვაქვს. იურისტებთან ერთად თავის სიმართლეს დაამტკიცებს და მსოფლიოს ჩემპიონატს ფორმაში შეხვდება’’.
ტყემალაძემ ამავე გადაცემაში ამ თემაზე გასული წლის ნოემბერშიც ისაუბრა:
„მინდა მერაბ შარიქაძე გავამხნევო, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გუნდს აკლია. დეტალებს ვერ ვამხელთ, რადგან ანტისადოპინგო კომისია გამოძიებას ატარებს. თუმცა, მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ბუკა სრულიად სუფთაა და მის წარსულსა და პატიოსნებას ზიანი ვერ მიადგება. უბრალოდ, არის რაღაც დეტალები, რაზეც მას ედავებიან და იმედია სულ მალე დაგვიბრუნდება’’.