10 წუთში გააძევეს - დელე ალის წარუმატებელი დაბრუნება
სერია ა-ს მორიგ ტურში მილანმა კომოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა დელე ალი.
ინგლისელი ნახევარმცველი 2-წლიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე დაბრუნდა. ის მინდორზე 81-ე წუთზე შევიდა და ზუსტად 10 წუთში პირდაპირ წითელი ბარათით „დასაჩუქრდა“.
28 წლის ფეხბურთელმა რუბენ ლოფტუს-ჩიკის წინააღმდეგ იუხეშა. მთავარ მსაჯს უთხრეს, რომ მომენტი გადაემოწმებინა, რის შემდეგაც ალის წითელი ბარათი უჩვენა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ტოტენჰემის ყოფილ ნახევარმცველს ფეხბურთი არ უთამაშია. უკანასკნელად მან 2023 წლის 26 თებერვალს თურქეთის სუპერ ლიგაში ანტალიასპორის წინააღმდეგ ითამაშა.
დელე ალის ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ალკოჰოლს მიეძალა, რის გამოც მასთან თანამშრომლობა არცერთ გუნდს არ სურდა. დელეს ოპტიმალურ ფორმაში ჩაყენება სესკ ფაბრეგასმა აიღო საკუთარ თავზე და კომოში მიიყვანა.
ჯერჯერობით დელე ალის ფეხბურთში დაბრუნების იდეა წარუმატებლად აღიქმება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ინგლისელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ღიად ისაუბრა თავის პრობლემებზე.
დელე ალის თქმით, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, საძილე აბებზე იყო დამოკიდებული და სარეაბილიტაციო ცენტრში 6 კვირა გაატარა. დელემ ბავშვობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ 7 წლის ასაკში, აფრიკაში გაგზავნით დასაჯეს, 12 წლის ასაკში კი ერთ-ერთმა ოჯახმა იშვილა.