ანჩელოტი: “ლა ლიგას 2-ჯერ ვთხოვეთ მატჩის თარიღის შეცვლა“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ვილიარეალს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მწვავე კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ანჩელოტიმ?
„ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ბოლო მატჩიდან 72 საათზე ნაკლებ დროში ვითამაშეთ. ჩვენ ლა ლიგას ორჯერ ვთხოვეთ მატჩის დროის შეცვლა და არაფერი მომხდარა. ეს არის ბოლო შემთხვევა! ჩემს გუნდს განსაკუთრებული ხასიათი აქვს. დიდი მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გაიღეს 3 იანვრიდან დღემდე. განსაკუთრებით დღეს!
დღეს რეალმა უმძიმესი მომენტები აიტანა და გადალახა. საწყისი წუთები საშინელი იყო, შემდეგ კი ნელ-ნელა ბურთის უკეთ მართვა დავიწყეთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან ურთულესი მატჩი ჩავატარეთ. ვილიარეალი შესანიშნავი გუნდია, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. მეორე ტაიმში დავიღალეთ, მაგრამ ეს ნორმალური იყო. დღევანდელი გამარჯვება ბევრ რამეზე მეტყველებს!
მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ და რა თქმა უნდა, მე ვაპირებ, რომ ბარსელონას და ატლეტიკოს დაპირისპირებას ვუყურო. კონკურენციის გარდა, ეს არის მატჩი, რომელიც ფეხბურთის ყველა მოყვარულს უნდა აინტერესებდეს.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ატლეტიკო სტუმრად პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩი 120 წუთი გაგრძელდა და ბლანკოსმა 72 საათზე ნაკლებ დროში ვილიარეალთან ითამაშა. სწორედ ამან გამოიწვია კარლო ანჩელოტის აღშფოთება.