“ერთი ცუდი თამაში ცუდ მეკარედ არ მაქცევს“ - მამარდაშვილი ჟირონასთან მატჩის შემდეგ
ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია ჟირონას ესტუმრა და მნიშვნელოვანი 1 ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
1 ქულის მოპოვებაში, უდიდესი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც მატჩი 3 მოგერიება შეასრულა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და არნაუ მარტინესის თავური დარტყმა მოიგერია.
მატჩის დასრულების შემდეგ, ვალენსიურ მედიასთან ქართველმა კარის დარაჯმა ისაუბრა.
მამარდაშვილი:
„ძალიან მნიშვნელოვანი 1 ქულა მოვიპოვეთ, თანაც გასვლით მატჩში. ეს არის გზა, რომელზეც უნდა ვიყოთ. ყველა მომენტში უნდა ვიბრძოლოთ და კონკურენტუნარიანები ვიყოთ. გამარჯვებისთვის ყველანი ვმუშაობთ და თავს ახლა კარგად ვგრძნობთ. მოვიგეთ სახლში და არ დავმარცხდით სტუმრად.
ახლა შესვენება იწყება და უკან გაცილებით ძლიერები უნდა დავბრუნდეთ. ვფიქრობ, ერთი ცუდი თამაში ცუდ მეკარედ არ მაქცევს, მაგრამ არც კარგი თამაში მაქცევს კარგ მეკარედ.“
შეგახსენებთ, რომ 28 ტურის შემდეგ „ღამურებს“ 28 ქულა აქვთ - ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა.
მამარდაშვილი უახლოეს დღეებში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, „ვალენსია“ მომდევნო მატჩს კი სანაკრებო პაუზის შემდეგ 30 მარტს, შინ, „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს.