ძიუდოისტი დარია ბილოდიდი ფეხბურთელის კარიერას იწყებს
უკრაინელი ძიუდოისტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი დარია ბილოდიდი ხარკოვის „მეტალისტის“ ფეხბურთელი გახდა.
როგორც დარიამ კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, ეს მისთვის ახალი გამოწვევაა, ამიტომ მზადაა, ვარჯიშებზე ძალები არ დაზოგოს და ოფიციალურ მატჩშიც მიიღოს მონაწილეობა.
დარია ბილოდიდი:
„მიყვარს სიახლეები, ყოველთვის ვცდილობ, ახალი მიზნები და ამოცანები დავისახო. მესმის, რომ გუნდის სხვა წევრები ფეხბურთს დიდი ხანია რაც თამაშობენ და მათ დონეზე ვერ ვითამაშებ, მაგრამ ბავშვობაში ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარდა და ძიუდოს ნაკრები შეკრებაზე ხშირად ვთამაშობთ ფეხბურთს, ამიტომ ჩემთვის ეს სერიოზული გამოწვევაა - გამოვცადო ჩემი თავი პროფესიულ ფეხბურთში. გპირდებით, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე დავიხარჯები. მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს ვარჯიშები. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც მოედანზე გამოსვლის შანსი მომეცემა“.
დარია ბილოდიდთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე კომენტარი გააკეთა მეტალისტის გენერალურმა დირექტორმა, ანტონ ივანოვმა.
„ქალთა ფეხბურთის განვითარების მხრივ დიდი გეგმები გვაქვს - როგორც „მეტალისტში“, ასევე ზოგადად უკრაინაში ქალთა ფეხბურთის მიმართულებით. დარია ბილოდიდთან კონტრაქტის გაფორმებით ერთდროულად ორ კარგ საქმეს ვაკეთებთ: პირველ რიგში, ეს პოპულარიზაციას გაუწევს ქალთა ფეხბურთს. მეორე მხრივ კი, მაღალი დონის სააერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მისი გამოცდილება ჩვენს გუნდს ახალ იმპულსს შესძენს. ვიცით, რომ დარიას დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა შევეცდებით, შესაბამისი დრო გამოვნახოთ, რათა მან გუნდთან ერთად ვარჯიში შეძლოს. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს თვეებში მას როგორც ვარჯიშებზე, ისე მატჩებშიც ვიხილავთ“, - ამბობს ივანოვი.