10-კაციანი უოტფორდი ოქსფორდთან დამარცხდა | ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს
ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფმა „ოქსფორდმა’’ შინ „უოტფორდი’’ 1:0 დაამარცხა. მე-80 წუთზე „უოტფორდი’’ 10 ფეხბურთელით დარჩა, არბიტრმა ჯეიმს აბანკვა გააძევა. „უოტფორდმა’’ უმცირესობაში ყოფნას მხოლოდ 2 წუთი გაუძლო, 82-ე წუთზე სირიკი დემბელემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა (84-ე წუთზე შეცვალა). ჩაკვეტაძეს შეტევების გამწვავების მცდელობები ჰქონდა, თუმცა მოედნის მესამედში, მეტოქის საჯარიმოში ან საჯარიმოსთან ახლოს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია. ზოგადად, ძალიან კარგი სეზონი აქვს და დღევანდელ მატჩს აქტივში ვერ ჩავუთვლით, თუმცა რამდენიმე ეპიზოდი იყო, რომელთაც ვიდეოში იხილავთ.
25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 38-დან 37-ში ითამაშა, მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა, მცირე ტრავმის გამო 27-ე ტურში „დერბისთან’’ არ უთამაშია. 37-დან 36 სასტარტოდან დაიწყო, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.
38 ტურში „უოტფორდმა'' 52 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 5 ქულით ჩამორჩება. სეზონის დასრულებამდე 8 ტური რჩება. თუ „უოტფორდი'' საუკეთესო ექვსეულში მოხვდება, ფლეი-ოფის გზით პრემიერ ლიგაში აღზევების შანსს მიიღებს.