“იქ დღემდე ყველას ვუყვარვარ“ - ხამესი თავის მადრიდულ კარიერაზე
ლა ლიგაში წარუმატებელი დაბრუნების შემდეგ(რაიო ვალეკანო), ხამეს როდრიგესმა კარიერა მექსიკაში გააგრძელა და კლუბ ლეონის ღირსებას იცავდა.
კოლუმბიელ ნახევარმცველს ესპანური გამოცემა MARCA დაუკავშირდა, რომელთანაც ხამესს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა.
რა თქვა ხამესმა?
„რატომ გადავწყვიტე რეალში თამაში? მანჩესტერ სიტი და პარი სენ ჟერმენი ძალიან დიდ ფულს მთავაზობდნენ. ფლორენტინო პერესმა დამირეკა და მკითხა: „რა გსურს? დიდება, თუ ფული?“ სწორედ ამიტომ გადავედი მადრიდის რეალში.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე თუ მესამე მატჩში მენდეშმა მითხრა, რომ რეალს ჩემი გადაბირება სურდა, მაგრამ მას ეშინოდა, რომ ამის გამო კონცენტრაციას დავკარგავდი. ყველაფერი პირიქით მოხდა. იაპონიას და შემდეგ ურუგვაის ორჯერ გავუტანე. მე უკეთესად ვითამაშე, რადგან საოცარი მოტივაცია მქონდა.
წარმოიდგინეთ, ოქროს ბურთისთვის რამდენიმე დიდებულ ფეხბურთელთან ერთად ვიბრძოდი. კრიშტიანუ, მესი, ინიესტა, ჩავი, სუარესი, რიბერი, რობენი.. და მე 2014 წელს მერვე ადგილზე გავედი.
ვფიქრობ, მადრიდში ახლაც ძალიან ვუყვარვარ ხალხს. მეკითხებიან, რატომ წავედი.. ეს ნიშნავს, რომ ბევრი რამ კარგად გავაკეთე და ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშე. ყველაზე ცუდად ბენიტესის პერიოდი მახსოვს. მასთან უთანხმოება მქონდა. ერთ დღეს მან შემცვალა და ბერნაბეუმ დაუსტვინა. მას ეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ჟესტიკულაციით გამოვიწვიე, მაგრამ არაფერი გამიკეთებია.
რატომ მიაღწია ზიდანმა ამხელა წარმატებას? ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, თუ როგორ მართავს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ ჯგუფს. ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ფეხბურთელებთან ურთიერთობა ყველაზე კარგად გამოსდის.“
შეგახსენებთ, რომ ხამესი როდრიგესი მადრიდულ გრანდს 2014 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ შეუერთდა და ბლანკოსში თავდაპირველად თავი დიდებულად წარმოაჩინა, მაგრამ შემდეგ სათამაშო ფორმა დაკარგა და ბაიერნში გაანათხოვრეს.
ბაიერნიდან კვლავ რეალში დაბრუნდა. ჯამში ყველა ტურნირზე ერთად, სამეფო კლუბის მაისური 125-ჯერ მოირგო, 37 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა.