ქულა ყოფილ გუნდთან - ჭიაბრიშვილმა იბერია შეაჩერა
Crystalbet ეროვნული ლიგის IV ტურის ცენტრალურ შეხვედრას დამატებით ინტრიგას გიორგი ჭიაბრიშვილის ფაქტორი სძენდა - მისი მომზადებული „დინამო ბათუმი“ იმ „იბერიას“ დაუპირისპირდა, რომელსაც ახალგაზრდა სპეციალისტი რამდენიმე წლის წინ ამზადებდა და პირველი საჩემპიონო ტიტული თბილისელებმა სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში მოიპოვეს.
საქართველო - ესპანეთის სარაგბო დაპირისპირების გამო კი, თბილისელებმა ბათუმელებს არა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, არამედ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უმასპინძლეს - დაძაბული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და „იბერიელებმა“ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგეს.
ანგარიში 39-ე წუთზე ზღვისპირელებმა გახსნეს, როდესაც ნიკოლოზ კალანდარიშვილმა თავისივე დაწყებული სწრაფი შეტევა გამოზომილი დარტყმით დაასრულა და თორნიკე კირკიტაძის კარგი გადაცემის შემდეგ გიორგი მაკარიძეს გაუტანა - ეს იყო პირველი ბურთი, რომელიც წლევანდელ სეზონში „იბერიამ“ გაუშვა. ქვეყნის ჩემპიონებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე აღადგინეს - იური ტაბატაძის დარტყმის შემდეგ მცირე რიკოშეტს ადგილი ჰქონდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართა მეკარე ლუკა ხარატიშვილს უფრო დამაჯერებლად თამაში შეეძლო.
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგის მომდევნო, V ტურში „იბერია“ წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება, ხოლო „დინამო ბათუმი“ საკუთარ სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.