შემადგენლობა ფინალისთვის - თოდუა კაჭარავას უახლოვდება
ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის გუნდს უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი თამაშისთვის ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც რუმინელებთან ნახევარფინალურ მატჩთან შედარებით რამდენიმე ცვლილებაა.
ძმის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლუკა მატკავა, რომლის პოზიციაზე თამაშს პირველივე წუთებიდან დავით ნინიაშვილი დაიწყებს, ხოლო ფულბეკის ფუნქციებს დაჩი პაპუნაშვილი შეითავსებს, რომელიც წინა შეხვედრაში თადარიგში იყო. ორი ცვლილებაა შერკინების წინა ხაზში, სადაც სასტარტოში ირაკლი ქვათაძესა და ირაკლი აფციაურს ვანო კარკაძე და ლუკა ჯაფარიძე ჩაანაცვლებენ.
გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე იქნება, ხოლო ბექა გორგაძე და ალექსანდრე თოდუა ეროვნული გუნდის მაისურით შესაბამისად, 50-ე და 120-ე კეპებს მოიხვეჭენ. თოდუა ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ბორჯღალოსნების ერთპიროვნულ რეკორდსმენს, დავით კაჭარავას (122) უახლოვდება და მის მაჩვენებელს სავარაუდოდ ზაფხულის ტესტ-მატჩების დროს გაიმეორებს.
საქართველო - ესპანეთის მატჩი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ხვალ 16:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატს ზედიზედ მეცხრედ და ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიგებენ.
შემადგენლობა
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).