ობლაკი: არ გაგვიმართლა, დავზარალდით, ახლა კი წესს შეცვლიან
მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარემ იან ობლაკმა ხულიენ ალვარესის სკანდალურ პენალტზე ისაუბრა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
„მართალი გითხრათ, მე ნამდვილად არ მინდოდა პრესისთვის თვალყური მედევნებინა, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წარმომიდგენია რა მოხდებოდა აქ...
ალარესის პენალტის მომენტი ყველასათვის გაუგებარია. ვერავინ გაიგო რა მოხდა იქ, ზუსტად არავინ იცის. ამას უეფაც ვერ ხსნის. კადრები რომლებიც აჩვენეს, შესაბამის სურათს ვერ იძლევა და კვლავ ბევრი კითხვა რჩება. ასე რომ, ზუსტი პასუხი არავის აქვს.
ხულიენს გასახდელში ამაზე ცოტა ხნით ვესაუბრე, არც მას ესმის რა მოხდა, ისევე როგორც ყველას.
ეს ის სიტუაციაა, როცა ერთი გუნდი ძალიან უიღბლოა, მეორე კი ძალიან იღბლიანი. ისეთი რაღაც მოხდა, რაც ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ხდება. ეს ჩვენ შეგვემთხვა, არ გაგვიმართლა, დავზარალდით. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ წესს შეცვლიან“.
- განაცხადა ობლაკმა DAZN-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ უეფამ ხსენებული 14.1 წესის შესაძლო ცვლილებაზე მსჯელობა უკვე დააანონსა.