გორგოძე ჩემპიონია - ქართველმა წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა
უნგრეთში გამართული პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათას დოლარს შეადგენდა, ეკატერინე გორგოძის ტრიუმფით დასრულდა. წყვილთა თანრიგის გადამწყვეტ შეხვედრაში 33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა და რუმინელმა ირინა ბარამ ტურნირის მასპინძელი უნგრელების, ლუკა და პანა უდვარდების დუეტი სამ სეტში, 6:7, 6:3, 10:3 დაამარცხეს.
გორგოძე-ბარას ტანდემმა პრესტიჟული ტურნირი მერვედფინალური ეტაპიდან დაიწყო და პირველ მატჩში ბურუნდელ სადა ნაიმანასა და რუმინელ ანდრეა პრიშაცარიუს ორ სეტში, 6:4, 6:4 აჯობა, რასაც მეოთხედფინალში უკრაინელი ანასტასია სობოლიევასა და უნგრელი ამარისა კიარა ტოტის 7:5, 6:3 ძლევა მოჰყვა. გუშინ კი ქართველმა და მისმა პარტნიორმა ფინალის საგზური ნიდერლანდელი არანჩა რუსისა და შვეიცარიელ სიმონა უოლტერთან 7:6, 6:2 გამარჯვებით მოიპოვეს.
ცნობისათვის, ეკატერინე გორგოძე WTA-ს რეიტინგში ერთეულთა თანრიგში 154 ქულით 385-ე პოზიციაზეა, წყვილებს შორის კი 255 ქულით მე-300 ადგილს იკავებს.