Kicker: მოსალოდნელია, რომ ბუდუ კილის წინააღმდეგაც გაიტანს
კვირას, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის 26-ე ტურში მთავარ კონკურენტთან „ჰოლშტენ კილთან“ საკუთარ მოედანზე უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს.
„ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგაში თამაში ბოლოს 11 იანვარს შინ „უნიონ ბერლინთან“ მოიგო, რის შემდეგაც 8 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 6 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.
აი რას წერს ცნობილი გერმანული გამოცემა kicker-ი კი ბუდუს გოლზე და გუნდის მხრიდან მის მიმართ მოლოდინებზე:
„ზამთარში კარლსრუედან დამატებულ ბუდუ ზივზივაძეზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ჰაიდენჰაიმში მხოლოდ ახლა დაიწყეს იმის გაგება, თუ რატომ ჰყავდათ ის შეძენილი. ჰოფენჰაიმთან ქართველის პირველი გოლი იმედისმომცემია. გუნდში თვლიან, რომ ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ახლა უკვე მოსალოდნელია, რომ ის კილის წინააღმდეგაც გაიტანს“.
„ჰაიდენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა გუშინ პრესკონფერენციაზე ბუდუ ახსენა და ქართველი ფორვარდი შეაქო.
„ამ კვირაში გუნდის მუშაობამ ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის ზუსტად ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. ამას ველოდი. ჰოლშტენ კილთან მატჩში მხოლოდ გამარჯვებას ველი. ეს აუცილებლად მოსაგები თამაშია, ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება გვსურს, წაგება უბრალოდ აკრძალულია.
ბუდუ? დიახ, მისგან ამას ველოდით. როგორც იქნა გაიტანა, მან დაამსხვრია ყველაფერი, რაც წინ გზად ეღობებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი. და ახლა იმედი გვაქვს, რომ ზივზივაძე ყველა ბარიერს გაარღვევს და ასე გააგრძელებს“.
- ამბობს შმიდტი.
„ჰაიდენჰაიმისა“ და „ჰოლშტენ კილის“ მატჩი კვირას 20:30-ზე დაიწყება. ბუდუს გუნდი ამჟამად 16 ქულით ბოლო ადგილზეა. „კილს“ 17 ქულა აქვს.