რიგგარეშე ყრილობა - ძალოსნობის ფედერაციაში არჩევნები ჩაინიშნა
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის განცხადების საფუძველზე, ფედერაციის გამგეობამ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. კახიაშვილმა გამგეობის წევრებს 11 მარტს გამართულ სხდომაზე მიმართა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.
მოქმედი წესდების შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ხმის უფლების მქონე მინიმუმ 3 სუბიექტ/დელეგატ წევრს სამდივნოში განაცხადის წარდგენის საფუძველზე. მსურველებს კანდიდატურის დაფიქსირებისთვის ვადა 19 მარტს, დღის ბოლომდე ექნებათ, საარჩევნო ყრილობა კი 3 აპრილს, სასტუმრო „ჰუალინგში“ შედგება. რიგგარეშე ყრილობაზე 60 ხმის უფლების მქონე დელეგატი ახალი პრეზიდენტის გარდა, ვიცე-პრეზიდენტებსა და მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახიაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე 2015 წელს აირჩიეს და მისი ხელმძღვანელობით სპორტის ამ სახეობაში ჩვენს ქვეყანას იმდენად დიდი წარმატებები ჰქონდა, რომ ძალოსნობა წლის საუკეთესო ფედერაციად რამდენჯერმე დასახელდა.