„ამჟამად ყველაზე უნიკალური შემტევია“ - კვარა MSN-ის ოქროს ბურთის ათეულშია
2025 წლის ოქროს ბურთის ბედზე ყველაზე დიდ გავლენას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი მოახდენს, რადგან ამ ზაფხულს სანაკრებო ტურნირები არ გვაქვს.
ტრადიციულად, სეზონის მიმდინარეობისას ცნობილი საფეხბურთო გამოცემები ოქროს ბურთის ათეულების განახლებულ სიას აქვეყნებენ და ნელ-ნელა სწორედ ასე მიდიან ნოემბრამდე, რა დროსაც უკვე გამოკვეთილია, თუ რომელი ფეხბურთელები იქნებიან ფავორიტები. მაგალითისთვის, Goal-ი ამას სისტემატურად აკეთებს.
გამონაკლისი არც MSN არის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების შემდეგ, თავისი ვერსიით ტოპ 10-ის განახლებული სია შემოგვთავაზა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
„პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ისტორიული მატჩები ჩაატარა. კვარადონა ამჟამად ოქროს ბურთის ათეულში ლიდერებს შორის არ იმყოფება, თუმცა თუ პარიზელები ტურნირზე გზას ბოლომდე გაივლიან, დიდი ალბათობით ხვიჩასთვის სიტუაცია შეიცვლება.
ასევე უნდა ითქვას, რომ ამ სიაში პარიზელთა ნახევარდაცვის დიდებული ტრიოდან (ვიტინია, რუისი, ნევეში) ნებისმიერი იმსახურებს. მაგრამ კვარაცხელიაში არის რაღაც ამაღელვებელი. მსოფლიო ფეხბურთში ის ამჟამად ყველაზე უნიკალური შემტევია, შეუძლებელია ბოლო მატჩების შემხედვარე მის მიმართ გულგრილი იყოთ, როდესაც ის ინდივიდუალურად გენიალურად თამაშობს და გამარჯვების მომტან მომენტებს ქმნის“.
- წერს MSN-ი ხვიჩაზე.
რაც შეეხება MSN-ის ვერსიით ათეულს, ის ასე გამოიყურება:
1) რაფინია (ბარსელონა)
2) კილიან მბაპე (რეალი)
3) მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
4) ჰარი კეინი (ბაიერნი)
5) უსმან დემბელე (პსჟ)
6) ვინისიუსი (რეალი)
7) ლამინ იამალი (ბარსელონა)
8) რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9) პედრი (ბარსელონა)
10) ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)