ბითაძის მცირე სათამაშო დრო - ორლანდო მინესოტასთან დამარცხდა
რამდენადაც ჩინებული სტატისტიკა არ უნდა ჰქონდეს პაულო ბანკეროს და რამდენადაც მაღალ დონეზე არ უნდა თამაშობდეს, ფაქტია, რომ „ორლანდო“ თამაშებს მაშინ უფრო იგებდა, როდესაც აქცენტი გოგა ბითაძეზე კეთდებოდა და ქართველს უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლეოდა. ამჯერადაც ასე მოხდა - ბანკერომ იფრინა და ორმაგი დუბლი (43 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, მაგრამ „მეჯიქი“ სტუმრად „მინესოტასთან“ (111:118) მაინც დამარცხდა.
რაც შეეხება ქართველ ლეგიონერს, მას მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ მხოლოდ 5 წუთი მისცა და შედეგად, მისი დაბალი სტატისტიკური მონაცემებიც გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს - 1 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. გოგას ბურთი არ დაუკარგავს და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო. როგორც უკვე მოგახსენეთ, საუკეთესო ბანკერო იყო, ხოლო „ტიმბერვულზის“ რიგებში 28 ქულით ენტონი ედვარდსი გამოირჩა.
68 თამაშის შემდეგ 31 მოგებითა და 37 წაგებით, „ორლანდო“ მერვე ადგილზეა და პლეი ინის ზონაშია. მომდევნო შეხვედრას „მეჯიქი“ კონფერენციის ლიდერ „კლივლენდთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით ხვალ საღამოს, 21:00 საათზე დაიწყება.