მიქაუტაძის და კვარაცხელიას ნაკვალევზე - სალიას ევროპაში ელოდებიან
ვახტანგ სალიას თბილისის „დინამოდან“ „ნიუკასლში“ ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ დადასტურდა, რის შემდეგაც 17 წლის ქართველი ფეხბურთელი მაშინვე ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მასზე წერს ბევრი გამოცემა, სულ ბოლოს კი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გამორჩეულ ტალანტს ვრცელი სტატია Reuters-მა მიუძღვნა.
ვახტანგ სალია ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა სულ მალე თბილისის „დინამოს“ ბაზას დატოვებს და „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს. ახალგაზრდა სპორტსმენისთვის, რომელმაც ფეხბურთის თამაში 4 წლის ასაკში დაიწყო და საქართველოს Crystalbet ეროვნულ ლიგაში დებიუტი ერთი წლის წინ ჰქონდა, ოცნება რეალობად იქცა და კონტრაქტი „კაჭკაჭებთან“ გააფორმა, რაზეც ახლა ასეთი რეაქცია აქვს:
„მაშინაც ვერ დავიჯერე და ახლაც არ მჯერა. ეს ჩემი ოცნება იყო - ინგლისის პრემიერ ლიგა ხომ ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაულია“.
სალია Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის მისაბაძი ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე არიან, რომლებიც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბრწყინავდნენ. კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ვილი სანიოლის მომზადებულმა გუნდმა კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა. სალია იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან, მასაც მიეცემა ევროპის პირველობაზე თამაშის საშუალება:
„ფეხბურთი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და თითოეული ქართველი ფეხბურთელის ოცნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაა. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ამას მეც მოვახერხებ“.
თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი მიიჩნევს, რომ სალიას აქვს ყველანაირი მონაცემი საიმისოდ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს:
„ინგლისური ფეხბურთი ევროპაში ულაპარაკოდ ერთ-ერთი საუკეთესოა, სადაც მაღალ სისწრაფეებზე თამაშობენ და ფიზიკური მომზადების კუთხით უმაღლესი სტანდარტები აქვთ, რის გამოც ვახოს ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
თუმცა, მისი „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდში ნაადრევ ასაკში მოხვედრა მეტყველებს იმაზე, რომ უზომოდ ნიჭიერია, საკუთარ თავზე მუშაობს და უმაღლესი დონის პროფესიონალია, რის გამოც ვთვლი, რომ ნებისმიერ დონეზე ფეხს მოიკიდებს“.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ სალია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და ქვეყნის 19-გზის ჩემპიონში ის 2017 წელს ჩაირიცხა, რის შემდეგაც თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა და 2023 წელს, 16 წლის ასაკში მთავარ გუნდში დებიუტიც ჰქონდა. იქიდან მოყოლებული მან თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 33 შეხვედრაში თავი 6 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.