მოჭიდავეების ორი ოქრო - საქართველო ევროპის ჩემპიონია
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ტრიუმფალურად იასპარეზეს, ექვსი მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. დღეს კონტინენტის პირველობაზე ფინალში ჩვენი ქვეყნის სახელით ორმა სპორტსმენმა იასპარეზა და შეხვედრა ორივემ ბრწყინვალედ დაასრულა.
დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) გადამწყვეტ ბრძოლამდე ისე მივიდა, რომ ყველა მეტოქე მარტივად და დამაჯერებლად დაამარცხა, ფინალში კი ქართველმა სპორტსმენმა აღებული ტემპი არ დააგდო, ნამდვილი ფურორი მოახდინა და ისრაელელ მოწინააღმდეგე მელქამუ ფეტენეს 50 წამში 9:0 მოუგო. ხაჩიძის მსგავსად ევროპის ჩემპიონი გახდა ანრი ხოზრევანიძე, რომელიც 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და გადამწყვეტ შეხვედრაში ჰლებ მაკარენკას 3:1 აჯობა.
ორი ჩემპიონის გარდა, საქართველოს დელეგაციას კიდევ ოთხი მედალოსანი ჰყავს. ტურნირის დებიუტანტს, კობა ქარუმიძეს (55 კგ) ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ლუკა გაბისონია (87 კგ), რომეო ბერიძე (63 კგ) და საბა ჩილაშვილი (130 კგ) კი, ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.