„ნაკრებში გამოძახება უდიდესი პატივია“ | გულიაშვილის ინტერვიუ
„სარაევოს“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი გულიაშვილმა ბოსნიურ გამოცემას, Hercegovina.info-ს ინტერვიუ მისცა. ქართველმა თავდამსხმელმა თავის კლუბზე ისაუბრა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასაც გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, კარგ სათამაშო ფორმაში ვარ, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც უნდა ვიმუშაო და გამოვასწორო. ყოველდღიურად ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. სარაევოსნაირი მდიდარი ისტორიის მქონე კლუბის კაპიტნობა ჩემთვის უდიდესი პატივია, მაგრამ ამავდროულად, სერიოზულ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და ყოველ შეხვედრაში ვცდილობ, ფანები გავახარო.
საქართველოს ნაკრებში გამოძახება და ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა უდიდესი პატივია. ნაკრებში ყოფნისას, სერიოზულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, გულიაშვილი შესანიშნავად გამოიყურება. ქართველი თავდამსხმელი „სარაევოს“ ერთ-ერთ ლიდერია და ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის 20 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. გულიაშვილის კარგი თამაშის წყალობით, „სარაევოს“ 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს.