„სწორედ ამიტომ გაცვალა დალასმა“ - დონჩიჩს აკრიტიკებენ
„მილუოკისთან“ (106:126) სტუმრად გამართული შეხვედრა ლუკა დონჩიჩმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, მაგრამ ლოს-ანჯელესის კლუბი დამარცხდა, რის გამოც სლოვენიელი ვარსკვლავი გააკრიტიკეს. დონჩიჩმა 35 წუთში 45 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მიუხედავად ამისა, კალათბურთის ცნობილმა კომენტატორმა და ექსპერტმა სკიპ ბეილესმა მის თამაშში ხარვეზები მაინც გამოძებნა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ვუყურებდი „მილუოკი“ – „ლეიკერსის“ მატჩს და გამახსენდა ჩემი მოსაზრება, რომელიც ამყარებს „დალასის“ ხელმძღვანელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. იცით რა არის ლუკას პრობლემა? საკმარისზე ხშირად ისვრის სამქულიანებს და არ აქვს რეალიზაციის ისეთი პროცენტი, რომელიც მის გუნდს მთელი სეზონის ჯამში წარმატებას მოუტანს.
გასულ წელს „მავერიქსმა“ „მინესოტა“ დაამარცხა და ფინალში გავიდა, რის შემდეგაც რა ქნა დონჩიჩმა? ვერაფერი. იცით, რა მითხრეს „დალასის“ შეფებმა შარშანდელი ფინალის შემდეგ? ის, რომ მათ ლუკას ნდობა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში დაკარგეს“.
შეგახსენებთ, რომ დონჩიჩის ამჟამინდელი გუნდი „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ყოფილი კლუბი „დალასი“ კი ამავე კონფერენციაში მეათე პოზიციას იკავებს.