გასავარდნი ზონიდან პლეი ოფამდე - ლამპარდის ხმაურიანი დაბრუნება
თუ ვინმეს ფრენკ ლამპარდის სამწვრთნელო შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა, ბოლო პერიოდში ის კრიტიკოსებს საპირისპიროს უმტკიცებს. 46 წლის სპეციალისტმა ინგლისის ჩემპიონშიპის „ქოვენთრი“ ნოემბერში ჩაიბარა, როდესაც გუნდი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, ახლა კი პლეი ოფის ზონაშია და პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.
ლამპარდი მთავარ მწვრთნელად 28 ნოემბერს მარკ რობინსის ნაცვლად დაინიშნა, რომელიც ამ პოსტზე 2017 წლიდან მუშაობდა. „ჩელსის“ ლეგენდის მისვლისას, ქოვენთრელები მეჩვიდმეტე პოზიციაზე იყვნენ, ახლა კი მეექვსე ადგილზე არიან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფრენკის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი გამარჯვება უეინ რუნის „პლიმუთთან“ მოიპოვა, რის შემდეგაც „შრეკს“ გულშემატკივრებმა უსტვინეს და საბოლოოდ მისთვის ეს ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ბოლოსწინა თამაში აღმოჩნდა.
ამ გამარჯვებამ ლამპარდის მომზადებულ გუნდს ფრთები შეასხა და იანვარში 5-მატჩიანი მოგებათა სერია (4 ჩემპიონშიპში, 1 თასზე) გამოაცხო, რასაც მცირე ჩავარდნა და თასზე „იფსვიჩთან“, ხოლო ჩემპიონშიპში „ლიდსთან“ მარცხები მოჰყვა. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ნოემბრიდან მოყოლებული „ქოვენთრიმ“ 39 ქულა დააგროვა, რითაც მხოლოდ სამ გუნდს „ლიდსს“, „შეფილდ იუნაიტედსა“ და „ბარნლის“ ჩამორჩება.
ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ამ გუნდის პროგრესი მთლიანად ლამპარდის ტაქტიკური განსწავლულობის დამსახურებაა, რომელიც სამცველიან ტაქტიკაზე გადავიდა. სხვა აზრს არსებობის უფლებაც არ აქვს, რადგან ქოვენთრელებს სერიოზული შევსება არ მიუღიათ - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, „სუონსიდან“ მეტ გრაიმსი დაიმატეს, ჯეიმი პატერსონი კი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
როგორ დაიწყო ფრენკის სამწვრთნელო კარიერა? 2018-2019 წლებში მას „დერბი ქაუნთი“ ჩააბარეს, სადაც ეშლი კოული, მეისონ მაუნტი, ფიკაიო ტომორი და ჰარი უილსონი მიიყვანა, რითაც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავი გამოუვიდა. შედეგად შეძლო და „ქაუნთი“ პრემიერლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოაყალიბა, რომელმაც პლეი ოფის ნახევარფინალში მარსელო ბიელსას მომზადებულ „ლიდსს“ აჯობა, ფინალში კი ტემი აბრაჰამის, ჯეკ გრილიშისა და ჯონ მაკგინის „ასტონ ვილასთან“ დამარცხდა.
მაუნტმა და უილსონმა მართლაც მშვენიერი სეზონი ჩაატარეს, რის შემდეგაც ლამპარდს ყველა ახალგაზრდებთან კარგად მომუშავე სპეციალისტად აღიქვამს. გარდა ჩემპიონშიპში კარგი ასპარეზობისა, „დერბიმ“ ორივე თასზე კარგად ითამაშა - ლიგის თასზე მეოთხე რაუნდამდე მივიდა, გზად „მანჩესტერ იუნაიტედი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, თუმცა „ჩელსისთან“ ვეღარაფერს გახდა, ხოლო ასოციაციის თასზე „საუთჰემპტონი“ და „აკრინგტონი“ გაიარა და „ბრაიტონთან“ დამარცხდა.
რაც შეეხება მშობლიურ „ჩელსისა“ და „ევერტონში“ მის მუშაობას, განსაკუთრებული შედეგებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. თუმცა, ამ სეზონს იყენებს საიმისოდ, რომ შელახული რენომე აღიდგინოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ მის მწვრთნელობასთან დაკავშირებით დასკვნები ნაადრევად გააკეთეს.