„ამ კვირაში ვარჯიშებზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა“ - შმიდტი ბუდუზე
„ჰოლსტაინ კილის“ წინააღმდეგ მატჩის წინ „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა პრესკონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას გუნდის ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის თაობაზე, რომელმაც წინა ტურში „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
რა თქვა შმიდტმა:
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა მოვიგოთ და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ. ესაა ჩვენი ამოცანა და ამიტომ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ.
აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ბუდუს პირველი გოლის გატანა ასე გაუხარდა. ყველამ იცის, რომ ფორვარდისთვის დიდი წნეხია, როდესაც მას რამდენიმე მატჩის განმავლობაში გოლი ვერ გააქვს. აღსანიშნავია ისიც, როგორი გოლი გაიტანა ბუდუმ: იმ სიტუაციაში ასეთ დარტყმას მხოლოდ ის თუ მოიფიქრებდა. ამ კვირაში ბუდუ ძალიან მოტივირებული ვარჯიშობდა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა“.
შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმის“ რიგებში პირველი გოლი ბუდუმ გასულ ტურში „ჰოფენჰაიმს“ გაუტანა.
ცნობისთვის, 25 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. „ჰაიდენჰაიმისა“ და „ჰოლსტაინ კილის“ მატჩი 16 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.