„გიორგის რეაქცია მომეწონა“ | გეგმავს თუ არა ვალენსიას თავკაცი მეკარის შეცვლას?
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „ღამურების“ თავკაცს ძირითადი მეკარის პოზიციაზე დაწყებულ დებატებზე დაუსვეს კითხვა და კორბერანის თქმით, სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები არ იგეგმება.
„სამივე გოლკიპერმა მშვენივრად იმუშავა და ხვალინდელ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. ძალიან მომეწონა რეაქცია, რომელიც მან მეორე ტაიმში გამოავლინა და შეცდომებთან თვალის გასწორებისა და მათი გამოსწორების სურვილს ძალიან ვაფასებ. ფეხბურთი შეცდომებისა და წარმატებების კომბინაციაა და შეცდომის შემდეგ, მამარდაშვილს წარმატებული მოქმედებები ჰქონდა. ძმომეწონა, რომ მან ვითარება კომპეტენტურად გამოასწორა. მესმის, დებატები რატომაა გაჩენილი, მაგრამ მუშაობაზე ვართ ორიენტირებული.
როდესაც მეკარე ცდება, ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. შეცდომა ტაქტიკური იყო და არა ტექნიკური. იმ მომენტში, საჯარიმოში პასის გაკეთება არანაირ უპირატესობას არ მოგვიტანდა. არასწორი გადაწყვეტილება იყო, სულ ესაა. ფეხბურთში მთავარი შანსების გამოყენებაა და აღნიშნულ ეპიზოდში, ეს ვერ გავაკეთეთ“.
ცნობისთვის, „ვალენსიას“ 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 15 მარტს გამართავენ და თბილისის დროით, 23:55-ზე „ჟირონას“ დაუპირისპირდებიან. მამარდაშვილს რაც შეეხება, „ვალიადოლიდთან“ მატჩში, მან უხეში შეცდომა დაუშვა, რასაც „ვალენსიას“ კარში გატანილი გოლი მოჰყვა.