შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა - ჩიქოვანი გელზენკირხენშია
CrystalSport-ის ცნობით, „შალკე’’ 17 წლის ქართველი ტალანტის, ნიკოლოზ ჩიქოვანის გადაბირებით დაინტერესდა. შესაძლოა, ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიას შემდეგ ჩიქოვანი „შალკეს’’ ისტორიაში რიგით მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდეს.
გერმანული კლუბის მიწვევით ჩიქოვანი მამასთან და მის მენეჯერ ირაკლი ლილუაშვილთან ერთად გელზენკირხენში იმყოფება. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა, გერმანული კლუბი ფეხბურთელის მხარეს კლუბის სტატეგიას აცნობს. ასევე, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავენ.
1,88 მ. სიმაღლის გარემარბი 17 წლისაა, 21 ივნისს 18 წლის გახდება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ახლა კი 19-წლამდე ნაკრების წევრია და წინ ელიტ-რაუნდი ელის.
ნიკოლოზ ჩიქოვანი თბილისის „დინამოს’’ პირველი გუნდში გასულ ზამთარში დააწინაურეს. მოთამაშეს, რომელიც თამაშის სტილით ხვიჩა კვარაცხელიას ჰგავს, უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი პოტენციალი აქვს, „შალკეს'' მხრიდან ინტერესი ამის ნათელი დადასტურებაა.
დღეს ბუნდესლიგა 2-ის 26-ე ტურში „შალკე'' „ჰანოვერს'' მიიღებს. ფეხბურთელი მამასთან და მენეჯერთან ერთად აღნიშნულ მატჩს დაესწრება.
მასალაში გამოყენებულია თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო
იხილეთ Geo Scout-ის მიერ მომზადებული ვიდეოები.
თუ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს აქტიურად უყურებთ, არ გამოგრჩებოდათ ჩიქოვანის ბრწყინვალე გოლი თურქეთთან.
გასულ წელს, თბილისის „დინამოს'' 19-წლამდე გუნდში UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშა. „პოდგორიცასთან'' საშინაო შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა და დამატებულ წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს.