ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

სანიოლი: ხვიჩა ბედნიერია და ეს მოედანზე ეტყობა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული შეკრების წინ სასტუმრო „პარაგრაფში’’ პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი:

„შემოდგომაზე ვნახეთ, რომ ბევრი ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი დაღლილი იყო. ბევრმა მოთამაშემ ზაფხულიდან მოყოლებული ბევრი ითამაშა და ცოტა ივარჯიშა. მათ გასული წლის ბოლოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდათ. ზამთარში დაისვენეს და ახლა უკეთეს ფორმაში მოგვევლინებიან“.

„ერევანში კვარაცხელია და კაშია დაგვაკლდებიან, თუმცა შანსი სხვა მოთამაშეებს მიეცემათ. საბა გოგლიჩიძე კარგ ფორმაშია და მის თამაშს სომხეთთან გასვლით მატჩში მოუთმენლად ველი“.

„სომხეთთან დაპირისპირება ისტორიულია, ჯერ A ლიგისთვის მზად არ ვართ მაგრამ არც C ლიგის გუნდი ვართ. კაპიტანი კიტეიშვილი იქნება, მან ეს როლი კარგად იცის. კაშია თბილისურ შეხვედრაში კვლავ კაპიტანი იქნება. კიტე გუნდის ხერხემალია, „შტურმშიც'' გუნდის კაპიტანია და კარგად იცის, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა კაპიტნობა“.

„მამარდას და კვარას რთული სეზონი ჰქონდათ. მამარდას დასვენება სჭირდება. ფაქტობრივად ორი სეზონი დასვენების გარეშე თამაშობს. მჯერა თავის სათამაშო ფორმას აღიდგენს. ხვიჩა ძალიან ბედნიერია, ეს მოედანზე ეტყობა. ბევრს შრომობს. ნაკრებშიც იმავეს ველი, რასაც პსჟ-ში აჩვენებს. კვარას შეცვლა შეუძლებელია. ის უნიკალურია, თუმცა გვყავს მოთამაშეები, რომელთაც სხვა პლუსები აქვთ. ტაქტიკურად ცვლილებების გატარება მოგვიწევს და კვარას არყოფნა სხვა ფეხბურთელებისთვის კარგი შესაძლებლობაა“.

„სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ახლახან ჩაიბარა და ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რა ფორმაციით ითამაშებს სომხეთი. სჯობს ყურადღება ჩვენს რესურსებზე გავამახვილოთ“.

„ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად თამაშობს ფეხბურთელი, საქართველოში თუ უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეროვნულ ნაკრებში ეროვნული ლიგის ფეხბურთელები დაბრუნდებიან“.

„ლუკა ლაცაბიძე ჩვენი ნაკრების მომავალია. ნიჭიერია. მსურს ახლოდან შევხედო. ჯერ ვერ გეტყვით, არის თუ არა ეროვნული ნაკრებისთვის მზად. მომავალზე ვფიქრობ და სწორედ ამას უკავშირდება ის ფაქტი, რომ კვერკველია და გველესიანი არ გამოვიძახე. ეს სისტემა, რა სისტემითაც ვთამაშობთ, მოუქნელია, რადგან თამაშის დროს ტაქტიკური გადაწყობა რთულია. ამიტომ ვფიქრობთ ტაქტიკის შეცვლაზე.''

„გუნდში არსებულ გარემოზე იმას ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ხანგრძლივი შეკრება გვქონდა და ამ დროის განმავლობაში ერთი უსიამოვნო ინციდენტიც არ ყოფილა. კარიერის განმავლობაში ინციდენტები ხშირად გამომიცდია, მაგრამ აქ მსგავსი რამ არ ყოფილა. ფეხბურთელები აცნობიერებენ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ერის წინაშე. გულშემატკივრის გარეშე ვერც ადრე შევძლებდით წარმატებას და ვერც მომავალში მივაღწევთ. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება“.

ალექსანდრე იაშვილი:

„ჩვენთვის დინამო არენაზე დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი B ლიგაში დარჩენაა. ამ თამაშებში წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, დინამო არენაზე პირველად ვითამაშებთ“.

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.

სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

ფორვარდები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)

ერევანში გასამართ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავისი კლასი აჩვენა“ | როგორ შეაფასა LEquipe-მა მიქაუტაძის საოცარი მატჩი
„თავისი კლასი აჩვენა“ | როგორ შეაფასა LEquipe-მა მიქაუტაძის საოცარი მატჩი