„თავისი კლასი აჩვენა“ | როგორ შეაფასა LEquipe-მა მიქაუტაძის საოცარი მატჩი
ევროპა ლიგის მერვედფინალში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „სტიაუას“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში, 7:1 იმარჯვა. განმეორებით შეხვედრაში, ქართველი თავდამსხმელის ბენეფისი შედგა. მიქაუტაძემ ფენომენალურად იასპარეზა და ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 4:0 მოიგო.
ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, L’Equipe-ს გიორგის საოცარი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია. L’Equipe-მა მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„პრობლემები, რომლებიც სეზონის დასაწყისში ჰქონდა, ნამდვილად წარსულს ჩაბარდა. კვირიდან კვირამდე, მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ აქვს ის, რაც ლიონში სათამაშოდაა საჭირო. ლიონში, რომლის მაისურითაც განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ გადამწყვეტი ფეხბურთელია.
დღეს, ქართველმა თავდამსხმელმა თავისი კლასი აჩვენა. ფეთქებადი პირველი გოლი, რომლის დროსაც, შესანიშნავი სოლორეიდი მარცხენა ფეხით შეგდებული ბურთით დააგვირგვინა. მეორე გოლი მიმართულების ბრწყინვალე კონტროლის შემდეგ, მარჯვენა ფეხით იდეალურ დარტყმას მოჰყვა, რასაც ორი საგოლე გადაცემა დაურთო. ორი გოლი, ორი ასისტი. მიქაუტაძის თამაში ნამდვილად აღნიშვნის ღირსია“, - წერს ფრანგული გამოცემა.
ცნობისთვის, Sofascore-მა მიქაუტაძეს 9.8 ქულა! დაუწერა, Whoscored-მა - 9.5. „ორმაგი დუბლის“ გარდა, გიორგის 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, ორი არაზუსტი და ორი დაბლოკილი დარტყმა ჰქონდა. ამასთან, მან 9-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო და 34-დან 24 ზუსტი გადაცემა გააკეთა.