„მისი წასვლა დროის ამბავია“ - ბოსნიელები გულიაშვილზე
ვილი სანიოლმა სომხებთან გასამართი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტის მატჩებისთვის „სარაევოს“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი გამოიძახა, რაც ნამდვილად არავის გაჰკვირვებია. 23 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველი მთელი სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ლიდერია. საქართველოს ნაკრების 25-კაციანი განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ, ბოსნიურმა ვებ-გვერდებმა გიორგიზე დაწერეს და მის ტრანსფერთან დაკავშირებითაც საინტერესო ინფორმაციები გაავრცელეს.
რას წერენ გულიაშვილზე
იმ ბრწყინვალე თამაშის ფონზე, რასაც ბოლო მატჩებში აჩვენებს, გულიაშვილმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღება აშკარად დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა, გარდა ამისა კიდევ ოთხი გოლი ბოსნიის თასზე მიითვალა და ერთი ბურთით თავი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოიჩინა.
პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაა „სარაევო“, რომ თასზე ნახევარფინალშია გასული და პარალელურად ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს უამრავი გუნდი იჩენს და მისი წასვლა დროის ამბავია. ახლა მთავარი კითხვა ის არის, რა თანხით შეივსება „სარაევოს“ ბიუჯეტი. ფაქტი მხოლოდ ერთია - ამჟამინდელი მონაცემებით გულიაშვილის სატრანსფერო ღირებულება 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გულიაშვილი ეროვნულ გუნდში სანიოლმა ოქტომბრის მატჩებშიც გამოიძახა, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში კი მის ანგარიშზე 20 შეხვედრაში 8 გოლია.