რობერტ ლევანდოვსკი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი - ლევანდოვსკის მაგია | ისინი ტრიპლეტს ბარსაშიც გეგმავენ

ჰანსი ფლიკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ უბრალოდ ბრწყინავს. თუ წინა სეზონის ბოლოს 36 წლის პოლონელი ფორვარდის კატალონიური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ჩავი ერნანდესი მის წასვლას არ გამორიცხავდა, ფლიკის მისვლამ ყველაფერი შეცვალა და თავისი ძველი, კარგად ნაცნობი დამრიგებლის ხელში, ლევანდოვსკიმ სუპერბომბარდირული თვისებები დაიბრუნა.

როგორც „ბაიერნში“, ასევე „ბარსელონაში“ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით გამართულ 110 მატჩში ლევანდოვსკის ანგარიშზე 117 გოლია, რაც ამ ორი ადამიანის საოცარ ქიმიასა და ურთიერთგაგებაზე მიუთითებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მათი „რეკორდმაისტერში“ მოღვაწეობა გახლდათ, სადაც პოლონელმა ჰერ ჰანსის ხელში 71 მატჩიდან 69 სასტარტოში დაიწყო და საერთო ჯამში თავი 83 გოლითა და 22 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

„ბაიერნში“ ტრიუმფალური სეზონის შემდეგ

ცუდი მაჩვენებლები რობერტს არც სხვა სპეციალისტების ხელმძღვანელობით ასპარეზობისას ჰქონია - „ბაიერნში“ იულიან ნაგელსმანის მუშაობის დროს 46 მატჩში 50 გოლით, ნიკო კოვაჩის მწვრთნელობისას 63 მატჩში 60 გოლით, კარლო ანჩელოტის მოღვაწეობის პერიოდში 54 მატჩში 57 გოლით, ხოლო პეპ გუარდიოლას დამრიგებლობით 100 მატჩში 67 გოლით გამოიჩინა თავი.

რამდენიმე წლის წინ, „ბაიერნში“ სწორედ ფლიკის გაწვრთნილმა მიუნხენურმა გრანდმა ტრიპლეტი შეასრულა, ხოლო ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და მაშინ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო გაუგებარი მიზეზების გამო რომ არ გაეუქმებინათ, „ოქროს ბურთის“ მფლობელი აუცილებლად ის გახდებოდა.

პოლონელი ფორვარდი ამჟამად 21 გოლით ესპანეთის ლა ლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერია და უახლოეს მდევარ კილიან მბაპეს სამი ბურთით უსწრებს. 9 ბურთი აქვს გატანილი ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგაში და მხოლოდ თანაგუნდელ რაფინიას (11), „დორტმუნდელ“ სერუ გირასის (10) და „ბაიერნელ“ ჰარი კეინს (10) ჩამორჩება. როგორც თავისი, ასევე გუნდის მიღწევების მთავარ სულისჩამდგმელად რობერტი სწორედ ფლიკს თვლის: „ის, რასაც ჰანსი აკეთებს, ნამდვილი საოცრებაა. მისი მიზანმიმართული, სწორი მუშაობა კი, არამხოლოდ ჩემზე, არამედ თითოეულ ფეხბურთელზე აისახება, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით თამაშისას თავს საოცრად კომფორტულად გრძნობენ. იმდენად კარგად მესმის ჩემი მთავარი მწვრთნელის, რომ ხანდახან მას არც ვესაუბრები, რადგან უკვე ზეპირად ვიცი, რას მოითხოვს ჩემგან“.

ფლიკი და ლევანდოვსკი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ

ფლიკი გამუდმებით დუმილს არ ინარჩუნებს და სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს, რასაც რობერტი მასში განსაკუთრებით აფასებს: „ის გულწრფელი ადამიანია, რომელიც უფრო ხშირად იმ ფეხბურთელებს ესაუბრება, რომელთაც თამაში იშვიათად უწევთ და ცდილობს ყველას აუხსნას, რა ასპექტებში აქვთ მოსამატებელი და რის გაკეთებას ითხოვს მათგან. სწორედ ამის გამო, მას ვაფასებ როგორც არამხოლოდ მწვრთნელს, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც საკუთარი გეგმა ყოველთვის გააჩნია“.

გერმანელმა სპეციალისტმა კარგად იცის, როგორ გამოწუროს პოლონელი ფორვარდისგან მაქსიმუმი, რაზეც წლევანდელი სეზონის შედეგებიც კარგად მეტყველებს. ჩავი ერნანდესის გეგმა თითქოს მხოლოდ ის იყო, რომ ლევანდოვსკი თანაგუნდელებს მაღალი ჩაწოდებებით მოემარაგებინათ, ფლიკმა კი რობერტს რაფინიას სახით გამოუძებნა ისეთი პარტნიორი, როგორიც მას „ბაიერნში“ ტომას მიულერის სახით ჰყავდა. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ ლევანდოვსკის ძველებურად ათამაშება მხოლოდ ფლიკის დამსახურებაც არ არის - ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, ვეტერან ფორვარდს შვებულების დროსაც ერთი დღე არ შეუწყვიტავს ვარჯიში და სპეციალური პროგრამით ემზადებოდა, რის გამოც როგორც თავად ამბობს, არანაირ დაღლილობას არ გრძნობს და ფიზიკურად უმაღლეს დონეზეა მომზადებული.

ტომას მიულერის სახით „ბაიერნში“ პოლონელს იდეალური მეწყვილე ჰყავდა

არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ფლიკი ლევანდოვსკის რჩევებს ითვალისწინებს. ასე მაგალითად, ერთ-ერთი სადილისას, პოლონელმა მთავარ მწვრთნელთან დაიჩივლა, რომ კვერცხს და ქათამს არასწორად ამზადებდნენ, რის გამოც გერმანელი მაშინვე კლუბის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და მზარეულის შეცვლა სთხოვა, თუმცა ჟოან ლაპორტამ მას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ამჟამინდელი მზარეულის კერძებით მოუწევდათ დაკმაყოფილება, რადგან უკეთესის მოსაყვანად ფინანსები არ ეყოფოდათ.

ყოფილა ისეთი ამბავიც, როდესაც მეგობრებს კონფლიქტი ჰქონიათ - „რაიოსთან“ მატჩისას შეცვლის გამო უკმაყოფილება ლევანდოვსკიმ საჯარო გამოხატა, რაზეც ფლიკს პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს: „ეს არ გამკვირვებია, რადგან რობერტს მოედნიდან უგოლოდ გასვლა არასოდეს უყვარს, თუმცა რომელი ფეხბურთელი განაგრძობს თამაშს და რომელი შეიცვლება, ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ“.

ლევანდოვსკი შეცვლით მუდამ უკმაყოფილოა

ლეგენდარულ დუეტს „ბაიერნიდან“ ტრიპლეტის შესრულების კარგი შანსი „ბარსელონაშიც“ აქვს - ფლიკისა და ლევანდოვსკის მეთაურობით კატალონიური გრანდი ოქროს მედლებისთვის ბრძოლას როგორც ესპანეთის ლა ლიგასა და კოპა დელ რეიზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაში განაგრძობს და გუნდს წინ გადამწყვეტი ბატალიები ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი რაფინიას ოქროს ბურთის პრეტენდენტად მიიჩნევს
ფლიკი რაფინიას ოქროს ბურთის პრეტენდენტად მიიჩნევს