„ვინც ხვიჩას პსჟ-ში გადასვლისთვის აკრიტიკებს, ფეხბურთი არ ესმის“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა
მოსკოვის ლოკომოტივში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა რუსულ მედიასთან ქართველი ვარსკვლავის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყო, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.
რას ამბობს სიომინი:
„ვფიქრობ, ვინც ხვიჩას პსჟ-ში გადასვლის გამო აკრიტიკებს, ფეხბურთი ცუდად ესმის. კიკნაძემ და მეშჩერიაკოვმა „ლოკომოტივშიც“ ცოტა იცოდნენ მისი შესაძლებლობების შესახებ. ხვიჩა შესანიშნავ პასებს აკეთებს, დაცვაშიც მუშაობს და გოლებსაც იტანს. მას ისეთი თვისებები აქვს, რომ ნებისმიერ გუნდს მოერგება. მას მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ კლუბში უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია და ეს არა ერთხელ დაამტკიცა. ხვიჩა უძლიერესი ფეხბურთელია, ვისთანაც მიმუშავია. ანდრეი შევჩენკოსთანაც ვიმუშავე, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო, მაგრამ მათ შორის, ვისთანაც მე ვიყავი, კვარაცხელია საუკეთესოა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. პარიზული გუნდის მაისურით კვარამ ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ორი დღის წინ, მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ლივერპული“ პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მეტოქე ინგლისური „ასტონ ვილა“ იქნება.