რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ფედერერზე, ჯოკოვიჩსა და წასვლის მიზეზზე - ნადალის გულახდილი საუბარი როდიკთან

თითქმის ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, როდესაც რაფაელ ნადალმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და პრესის წარმომადგენლების მხრიდან დიდი ყურადღების მიუხედავად, ინტერვიუების მიცემაზე ხშირ შემთხვევაში კატეგორიულ უარს ამბობს. სამაგიეროდ, უარი ვერ უთხრა მისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ჩოგბურთელს ენდი როდიკს, რომელსაც ახლა თავისი პოდკასტი აქვს.

მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი ერთმანეთს დომინიკის რესპუბლიკაში შეხვდა, სადაც ნადალმა საკუთარი სასტუმრო გახსნა და ქვეყნის პრეზიდენტსაც შეხვდა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, რაფამ ენდისთან აბსოლუტურად ყველა თემაზე დეტალურად ისაუბრა და პირველი შეკითხვა ბუნებრივია მისი წასვლის მიზეზს შეეხებოდა, რითაც ესპანელმა ალბათ მილიონობით ადამიანს გული დასწყვიტა.

წასვლის მიზეზებზე

2022 წელს მოვიგე ავსტრალიის ღია პირველობა და როლან გაროსი. ამის შემდეგ უიმბლდონზე გამარჯვებასაც ვგეგმავდი, მაგრამ კუჭის არეში საოცარი ტკივილი ვიგრძენი და ნახევარფინალში ასპარეზობა ვერ მოვახერხე. US OPEN-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც გამოსვლა საბოლოო ჯამში მერვედფინალურ ეტაპზე დავასრულე, ისევ შემაწუხა კუჭმა და ამანაც თავისი გავლენა მოახდინა ჩემზე. დადგა 2023 წელი და მეორე ტურნირზევე ბარძაყის ტრავმა მივიღე და ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი.

თეორიულად ასეთი ტრავმისგან განკურნება რამდენიმე თვეში შესაძლებელია. თუმცა, ვვარჯიშობდი, ვვარჯიშობდი და ვერანაირ პროგრესს ვერ ვგრძნობდი. მაშინ მითხრეს ექიმებმა, რომ ოპერაცია გამეკეთებინა, რაზეც საკმაოდ ბევრს ვყოყმანობდი, რადგან 37 წლის ასაკში რეაბილიტაცია და აღდგენა იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. თუმცა, უცბად გონებაში გამიელვა იმ ფაქტმა, რომ სულ რაღაც სამიოდე თვის წინ მსოფლიოში საუკეთესო ვიყავი და ასე იოლად ვერ დავნებდებოდი, რის შემდეგაც გადავწყვიტე დაბრუნებისთვის მებრძოლა და ქირურგიულ ჩარევას დავთანხმდი.

ოპერაციამ მეტ-ნაკლებად წარმატებულად ჩაიარა და ეს მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ექიმები რამდენიმე სირთულეს წააწყდნენ, რომელიც მალევე აღმოფხვრეს. სარეაბილიტაციო კურსი 6-7 თვე გაგრძელდა, რის შემდეგაც ვარჯიშს შევუდექი. თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ სრული დატვირთვით ვერ ვვარჯიშობდი და ორგანიზმს გარკვეული ფიზიკური შეზღუდვები ჰქონდა.

ყოველივე ამის შემდეგ გადავწყვიტე საკუთარ თავს დავკვირვებოდი, თუმცა უნდა ვაღიარო, ჩოგბურთის კუთხით არანაირი რეგრესი არ მიგრძვნია, არც დარტყმის სისწრაფეში და არც სხვა კომპონენტებში. ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი, რომლის დროსაც ვფიქრობდი, გამეგრძელებინა ბრძოლა, თუ ჩოგბურთისთვის თავი დამენებებინა. თუმცა, გადიოდა კვირები და ვგრძნობდი, რომ ძველებურ დონეს ვერ ვუბრუნდებოდი. შეიძლება ისევე ვერ ვინდომებდი, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ წარუმატებლობა ძველებური ინტენსივობის დაკარგვით იყო განპირობებული და სხვა არაფრით.

საბოლოო და გადამწყვეტი მომენტი პარიზის ოლიმპიადის შემდეგ დადგა, როდესაც სახლში მივედი და ჩემს თავს ვუთხარი: „ყველაფერი დასრულდა“. მივხვდი, რომ წინ კარგი არაფერი მელოდა, რადგან ისეთ დონეს ვეღარ დავუბრუნდებოდი, რომელიც ჩოგბურთის თამაშის მოტივაციას მომცემდა.

რაფას ჩოგბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება იოლად არ მიუღია

ნადალს 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშები მოგებული აქვს, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, არანაკლები ემოციები მასში 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადამ დატოვა, სადაც ბოლო წუთებამდე საიდუმლოდ დაუტოვეს, რომ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებდა და ზინედინ ზიდანთან ერთად, მთავარი გმირი იქნებოდა.

ოლიმპიური თამაშები

ვერასოდეს ვერ გამოვხატავ ბოლომდე მადლიერებას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორების მიმართ, რადგან მათ ასეთი შანსი მომცეს. თამამად ვიტყვი, რომ ეს ჩემს საჩოგბურთო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო. ოლიმპიური თამაშები - ეს არის უფრო მეტი, ვიდრე ჩოგბურთი და მსოფლიო სპორტის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, უბრალოდ „პარიზი 2024“-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა დამირეკა და საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლა მთხოვე. მაშინვე ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. საბოლოოდ ნავით ესპანეთის დელეგაციას კი არ გავყევი, არამედ იმ ადამიანებს, რომლებზეც მითხრეს. საბოლოოდ ორგანიზატორებმა ბოლომდე ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეს და ცეცხლის წაღება ზინედინ ზიდანთან ერთად მომიწია. ცერემონიის დაწყებამდე ორი წუთი რჩებოდა, როდესაც ყველაფერი შევიტყვე და მაშინვე ცრემლები წამომივიდა. თუმცა, მალევე საკუთარ თავს ვუთხარი: „ახლა გაჩუმდი და ამ მომენტით მაქსიმალურად დატკბი“.

როლან გაროსზე მოპოვებული სარეკორდო გამარჯვებების გამო, ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რაფაელ ნადალისთვის ბალახის საფარი აქილევსის ქუსლად ითვლებოდა, რასაც ჩოგბურთის ესპანელი ლეგენდა კატეგორიულად არ ეთანხმება.

„პარიზი 2024“-ის გახსნის ცერემონიაზე ზიდანთან ერთად

საყვარელი საფარი

იმის გამო, რომ თავიდანვე გრუნტის ტურნირების მოგება დავიწყე, რატომღაც ამ საფარის სპეციალისტად მიმიჩნევდნენ. კი ბატონო, ჩემი თამაშის სტილი გრუნტს ორგანულად ერწყმოდა, მაგრამ ჩემი მეორე საყვარელი ადგილი კი ბალახის საფარი იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ 2006 წელს უიმბლდონის ფინალამდე მივედი - ასევე არ დაგავიწყდეთ მანამდე რა ხდებოდა - 2005 წელს უიმბლდონის მეორე წრეში, სრულიად ახალგაზრდულ ასაკში, ბალახის სპეციალისტ ჟიულ მიულერთან წავაგე, 2004-ში ტრავმის გამო ვერ ვითამაშე, 2003-ში კი ასევე ბალახის სპეციალისტ მარიო ანჩიჩთან დავმარცხდი.

რა ხდებოდა მომდევნო წლებში? შეხედეთ როგორი სურათი იხატება - 2006 და 2007 წლებში ფინალში გავედი, 2008-ში გავიმარჯვე, 2009-ში - არ მითამაშია, 2010 წელს ისევ მოვიგე, 2011-ში კი ფინალი ვიასპარეზე. გამოდის, რომ ზედიზედ ხუთი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ვმონაწილეობდი. ამის შემდეგ კი დადგა მომენტი, რის შემდეგაც ბალახზე თამაში არ გამოდიოდა. იმიტომ კი არა რომ დამავიწყდა, იმიტომ რომ აღარ შემეძლო.

ბალახის საფარზე კარგად სათამაშოდ, მუხლები უნდა გემორჩილებოდეს, რაც მე ქრონიკული ტრავმის გამო აღარ შემეძლო. ეს გრძელდებოდა 2017 წლამდე, როდესაც შედარებით უკეთ ვიგრძენი თავი, მაგრამ მალევე ისევ შემაწუხა და ბალახზეც ისევ გამიჭირდა დადებითი შედეგების ჩვენება. მერწმუნეთ, ჯანმრთელი მუხლის პირობებში ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ასპარეზობა ბალახზე უფრო მიადვილდებოდა, ვიდრე ჰარდზე.

ყოველთვის მომწონდა ორთვიანი ტურნირების შემდეგ გრუნტის საფარიდან ბალახზე გადასვლა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ხელახლა სწავლობ ბალახზე მოძრაობას. იცით, რა განსხვავებაა და რა უპირატესობა აქვს ბალახზე თამაშს სხვა საფართან შედარებით? დაცვასა და თავდასხმას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევს, რადგან კარგად იცი, რომ თუ დაცვაში ჩაჯდები, აუცილებლად დამარცხდები.

ქომაგების უმრავლესობა თვლიდა, რომ მე დაცვითი სტილის მოთამაშე ვიყავი, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. უბრალოდ თითოეულ დარტყმას ვასრულებდი გარკვეული განზრახვით და ეს განზრახვები შეიძლებოდა სრულიად განსხვავებულები ყოფილიყო. ჰარდზე გამართულ ტურნირებზე დარტყმების ხარისხზე ვფიქრობდი, ბალახზე კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, არჩევანის საშუალება არ გაქვს.

ნადალს ბალახის საფარზე სტატისტიკა მუხლის ტრავმამ გაუუარესა

ჩოგბურთის ქომაგებმა კარგად იციან, რომ რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს კორტს მიღმა აქტიური სპორტსმენობის პერიოდშიც და ახლაც განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთშეხვედრებში ესპანელს როჯერთან სოლიდური უპირატესობა აქვს, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩთან უარყოფითი სტატისტიკა, დღემდე თვლის, რომ მისთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ფედერერი იყო.

ფედერერზე და ჯოკოვიჩზე

როჯერ ფედერერის წინაღმდეგ ასპარეზობისას სრულიად განსხვავებული მიდგომები მქონდა. შვეიცარიელთან ყოველთვის უბრალო სტრატეგიას ვირჩევდი და ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გულშემატკივრებს ჩვენი დუელები განსაკუთრებით მოსწონდა.

სულ ვცდილობდი ფორჰენდით მის გატეხვას და თუ ოდესმე ხაზთან თამაშს გადავწყვეტდი, ეს მხოლოდ ორი მიზეზით ხდებოდა: თუ გადამწყვეტი დარტყმა იყო შესასრულებელი, ან კორტის გასასუფთავებლად. ასეთ დროს ის იყო აგრესიული და ცდილობდა ჩემთვის ამის გაკეთების საშუალება არ მოეცა. ყოველ ჯერზე, როდესაც ფედერერი ფორჰენდს ასრულებდა, მქონდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩემზე ერთი ნაბიჯით წინ იყო, რადგან როჯერის ფორჰენდი საუკეთესო იყო. ასე რომ ჩვენს შორის თამაშის სურათი ძალიან მარტივი გახლდათ - გაიმარჯვებდა ის, ვინც უკეთესად ითამაშებდა.

კარიერის დასაწყისში როჯერს უფრო გრუნტზე ვამარცხებდი, შემდეგ ამის გაკეთება ჰარდზეც დავიწყე, ბოლოს კი ის აგრესიული გახდა და ისეთი შეცდომების დაშვება შეწყვიტა, როგორსაც ახალგაზრდობაში უშვებდა. კარიერის ბოლოს მან გარისკვა უფრო ხშირად დაიწყო და უფრო სანახაობრივი ჩოგბურთის დემონსტრირებასაც ახდენდა. 2017 წლიდან მოყოლებული ფედერერის ვერსია არის საუკეთესო სპორტის ამ სახეობის ისტორიაში და მასზე ძლიერი მოწინააღმდეგე პირადად მე არასოდეს მყოლია. ჰარდზე როჯერის წინააღმდეგ თამაშისას, გრძნობ, რომ ყველაფერი არა შენზე, არამედ მასზეა დამოკიდებული. პლუს ამას, ყოველთვის მიჭირდა მისი მოწოდებების წაკითხვა, რადგან ყოველთვის სხვადასხვანაირად აწვდიდა და საოცრად მრავალფეროვანი იყო.

რაფამ როჯერს 40 შეხვედრიდან 26 მოუგო

ნოვაკ ჯოკოვიჩთან თამაშისას სტრატეგია მნიშვნელოვანი არ არის, უბრალოდ მის დასამარცხებლად მუდამ ძალიან კარგი თამაში იყო საჭირო. რა თქმა უნდა, განსხვავებული სტილი გვქონდა, მაგრამ ნოლესთან საასპარეზოდ ისე განსაკუთრებულად არ ვემზადებოდი, როგორც მაგალითად როჯერთან თამაშების წინ. ერთ რამეს ვიტყვი, ბურთის კონტროლის თვალსაზრისით, ჯოკოვიჩი ალბათ ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესოა.

ჯოკოვიჩს ესპანელთან ურთიერთშეხვედრებში (31:29) მცირე უპირატესობა აქვს

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში დიდი სლემის 22 ტურნირი აქვს ტრიუმფით დასრულებული. მან 14-ჯერ (2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2018, 2019, 2020, 2022) როლან გაროსი მოიგო, 4-ჯერ (2010, 2013, 2017, 2019) ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა, ორ-ორჯერ კი ყველას ავსტრალიის ღია პირველობასა (2009, 2022) და უიმბლდონზე (2008, 2010) აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფემინისტი ვარ“ - ნადალი ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი საპრიზო ფონდის შესახებ
„ფემინისტი ვარ“ - ნადალი ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი საპრიზო ფონდის შესახებ