„პირადი ანალიტიკოსი, ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგი და მზარეული ჰყავს“ - Superdeporte ქოჩორაზე
ესპანური გამოცემა Superdeporte „ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ზამთარში ქოჩორას მიმართ ინტერესი იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის კლუბებმა გამოხატეს, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა „ლევანტეში“ დარჩენა ამჯობინა.
რას წერს Superdeporte:
„ლევანტე“ ლა ლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს და გუნდს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ამ დონეზე თამაში შეუძლიათ. ხულიან კალეროს მოსვლის შემდეგ „ლევანტე“ ესპანური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნების მთავარი კანდიდატია, ხოლო გუნდის ერთ-ერთი არქიტექტორი გიორგი ქოჩორაშვილია.
ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეს“ ერთ-ერთი ლიდერია არა მხოლოდ გოლების და საგოლე პასების მხრივ, არამედ ფიზიკური და ტექნიკური კუთხითაც. ქოჩორა ლევანტეში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს (6 გოლი და 3 ასისტი) და მოედანზე ყველა ფუნქციას ითავსებს - იქნება ეს ლიდერობა, შეტევა, დაცვა, ბურთის ართმევა თუ კონტროლი...
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ ნახევარმცველს ჰყავს პირადი ანალიტიკოსი, რომელიც მას ტაქტიკურ რჩევებს აძლევს; ფსიქოლოგი, რომელიც მენტალობაზე ზრუნავს; ნუტრიციოლოგი, რომელმაც ქოჩორას სპეციალური დიეტა შეუდგინა, და მზარეული, რომელიც ამ კერძების მომზადებაზეა პასუხისმგებელი.
ზამთარში ქართველის მიმართ იტალიური, გერმანული და ფრანგული კლუბების მხრიდან სერიოზული ინტერესი იყო, თუმცა ქოჩორამ გადაწყვიტა, „ლევანტეში“ დარჩეს და კლუბს ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმაროს“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პორტუგალიური მედია ქოჩორაშვილის მიმართ ლისაბონის „სპორტინგის“ ინტერესზე წერდა. გამოცემა Record-ი იტყობინებოდა, რომ „ლომებმა“ „ლევანტესთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და ზაფხულში ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიურ გრანდს შეუერთდება. ოფიციალურ დონეზე ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.