„დოლიძე 5 რაუნდს ვერ გამიძლებს“ - მარვინ ვეტორი
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის იტალიელმა მებრძოლმა, მარვინ ვეტორიმ „მედია დღის“ ფარგლებში რომან დოლიძესთან მოახლოებულ რემატჩზე ისაუბრა.
მარვინ ვეტორი:
„მხრის ტრავმა? ძალიან მძიმე ოპერაცია გადავიტანე, რეაბილიტაცია იმდენად გაიწელა, რომ ხანდახან ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა საერთოდ ოდესმე ნორმალურად ვარჯიშს, თუმცა ჩემი გარემოცვა და ექიმები მამშვიდებდნენ, რომ პროგრესს მალე დავინახავდი და ასეც მოხდა.
საშუალო წონაში დონე ძალიან მაღალია, ძალიან ბევრი კარგი მებრძოლია. საქმეში დაბრუნება მინდოდა, ახლა არ მაინტერესებს არც ტიტული და არც რეიტინგი. მინდა დავბრუნდე და კარგი, სოლიდური ჩხუბი ვაჩვენო. თუმცა, თუ მოვიგებ და მალევე ტოპ-5 ან ტოპ-10-დან ვინმეს დავამარცხებ, ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს და შეიძლება პრეტენდენტიც გავხვდე.
დოლიძე ამბობს, რომ ჩვენი წინა ჩხუბი მას უნდა მოეგო? უბრალოდ თვლა ისწავლოს და მნიშვნელოვანი დარტყმები დაითვალოს. უცნაურია - ყოველ რაუნდში თითო აქტიური ქმედებისთვის მისთვის ის რაუნდი უნდა მიეცათ? არაუშავს, ამ საკითხს შაბათს გავარკვევთ. ის ამბობს, რომ გალიაში გავურბოდი, მაგრამ ასეთი რამ არ მახსოვს. ვერ ვიხსენებ, რომ მასთან დარტყმების გაცვლაზე მეთქვას უარი. თუ მართლა გავურბოდი, მისი საქმე და ამოცანა იყო, ეს არ დაეშვა და სხვანაირად ეჩხუბა. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ 5-რაუნდიანი ბრძოლა გვექნება, უპირატესობას მანიჭებს. დოლიძე 5 რაუნდს ვერ გამიძლებს“.
ცნობისთვის, მარვინ ვეტორი 31 წლისაა და ის UFC-ში 2016 წლიდან ჩხუბობს. ვეტორი და დოლიძე ერთმანეთს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდნენ, როდესაც იტალიელმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. მას შემდეგ „იტალიური ოცნება“ ჯარედ კანონიერთან დამარცხდა, დოლიძემ კი ჯერ ნასურდინ იმავოვთან ჩხუბი დათმო, შემდეგ კი ენტონი სმიტს და კევინ ჰოლანდს მოუგო.
აქვე გეტყვით, რომ ვეტორი-დოლიძის ჩხუბი UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 16 მარტს ვიხილავთ.