ალვარესს საშინლად არ გაუმართლა - რეალმა მოიგო და შემდეგ ეტაპზეა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დრამატული დაპირისპირება გაიმართა. ატლეტიკომ რეალს უმასპინძლა და 120 წუთი გალაჰერის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას უკეთესი როხიბლანკო იყო და ტიბო კურტუამ ბლანკოსი არაერთხელ იხსნა.
120 წუთის ამოწურვის შემდეგ, პენალტების სერია დაინიშნა. კილიან მბაპემ, სიორლოტმა და ბელინგემმა თერთმეტმეტრიანები ზუსტად შეასრულეს და ალბათ მატჩის მთავარი მომენტის დრო დადგა.
ბურთთან ალვარესი მივიდა, რომელმაც პენალტი კი გაიტანა, მაგრამ დარტყმის მომენტში ფეხი დაუცდა და ბურთს ორჯერ შეეხო, რის გამოც გატანილი პენალტი არ ჩაითვალა და რეალი დაწინაურდა.
ვალვერდემ და კორეამ ზუსტად დაარტყეს და ბურთთან ვასკესი მივიდა, რომელსაც იან ობლაკმა აუღო. სიმეონეს გუნდი თამაშში დაბრუნდა, თუმცა შემდეგი თერთმეტმეტრიანი მარკოს ლორენტემ ვერ გაიტანა. ბურთი ძელს მოხვდა. გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად ანტონიო რუდიგერი მივიდა. როხიბლანკოს კარის დარაჯს აღებამდე ძალიან ცოტა დააკლდა და სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ რეალი მეოთხედფინალში არსენალს დაუპირისპირდება. სხვა წყვილები კი ასეთია. პარი სენ ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ასტონ ვილასთან გაარკვევენ ნახევარფინალისტის ვინაობას, ბარსელონა მისთვის კარგად ნაცნობ დორტმუნდს შეხვდება, ხოლო ბოლო წყვილი 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამეორებაა - ინტერი ბაიერნის წინააღმდეგ.