„ვეტორი რთული მეტოქეა, მაგრამ უნარების დიდი არსენალი მაქვს“ - დოლიძე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ „მედია დღის“ ფარგლებში იტალიელ მარტინ ვეტორისთან მოახლოებულ რემატჩზე ისაუბრა.
რომან დოლიძე:
„ვფიქრობ, წინა ჩხუბშიც მე ვიმსახურებდი მოგებას. არაფერი მაქვს ჩემი ოპონენტების საწინააღმდეგო, მაგრამ არ ვეთანხმები გადაწყვეტილებას, რომელიც მსაჯებმა მიიღეს. გაბრაზებული ვჩხუბობდი, ახლა კი მესმის, რომ უბრალოდ მოგება მჭირდება - მზად ვარ ყველაფრისთვის, რაც ვეტორიმ შეიძლება შემომთავაზოს. ხუთრაუნდიანი ბრძოლა იქნება, ამიტომ ძალები სწორად უნდა გავანაწილო. ვფიქრობ, სცენარი არ შეიცვლება, ის გამექცევა, მე კი მის დაჭერას შევეცდები, თუმცა განვმეორედები, რომ ყველა სცენარისთვის ვარ მზად.
ყველამ იცის, რომ პარტერში ძლიერი ვარ და ჩემი დამარცხება მარტივი არაა. ვფიქრობ, წინა ჩხუბთან შედარებით მეტი სიმშვიდე მმართებს. იმავოვთან ჩხუბის შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. 28 წლის ასაკში დავიწყე და ახლაც რაღაცებს ვსწავლობ. ახლაც, 36 წლის ვარ და ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცის სწავლა, თუმცა ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ.
ქამრისთვის ბრძოლა? რა თქმა უნდა, თუ რაღაცით ვარ დაკავებული, ჩემი მიზანია, საუკეთესო ვიყო, და ეს მხოლოდ შერეულ ორთაბრძოლებს არ ეხება, ასეა ცხოვრებაშიც. როდესაც დავინახავ, რომ ამის გაკეთება აღარ შემიძლია, საერთოდ აღარ ვიჩხუბებ. ასეთივე რამ იყო ჩემს საფეხბურთო კარიერაშიც, როდესაც მეკარე ვიყავი. როცა მივხვდი, რომ მაქსიმუმს მივაღწიე და მეტის გაკეთება აღარ შემეძლო, დავანებე თავი ფეხბურთს და უკრაინაში სასწავლებლად წავედი.
სატიტულო ჩხუბს არაერთი მებრძოლი იმსახურებს. ვეტორისთან ჩხუბი ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა, რათა შემდეგ ჯერზე ვინმეს ტოპ 5-დან ვეჩხუბო. ყველა მათგანი იმსახურებს სატიტულო ჩხუბს და თუ რომელიმეს დავამარცხებ, რიგში მათ ადგილს მე დავიკავებ. ბოლო 7 ჩხუბში ანდერდოგი ვიყავი და აქედან 6 მოვიგე. ამიტომ არავინ იცის, რა მოხდება ოქტაგონში.
უნარების დიდი არსენალი მაქვს: შემიძლია ჭიდაობა, გრეპლინგი, კარგი დარტყმა მაქვს. გრეპლინგში მსოფლიო ჩემპიონი ვარ, UFC-ში 8 მოგება მაქვს და აქედან 5 ნოკაუტით, „საბმიშენით“ კი არც ერთი. ალბათ, ჩემი გრეპლინგი უფრო ხშირად უნდა გამოვიყენო. ვეტორი რთული მეტოქეა. მას ოქტაგონის მიღმაც ვიცნობ და ის კარგი ადამიანია. ის არავის დაუფინიშებია და მე მინდა, პირველი ვიყო. დაე, გაიმარჯვოს საუკეთესომ“.
ცნობისთვის, მარვინ ვეტორი 31 წლისაა და ის UFC-ში 2016 წლიდან ჩხუბობს. ვეტორი და დოლიძე ერთმანეთს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდნენ, როდესაც იტალიელმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. მას შემდეგ ვეტორი ჯარედ კანონიერთან დამარცხდა, დოლიძემ კი ჯერ ნასურდინ იმავოვთან ჩხუბი დათმო, შემდეგ კი ენტონი სმიტს და კევინ ჰოლანდს მოუგო.
აქვე გეტყვით, რომ ვეტორი-დოლიძის ჩხუბი UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 16 მარტს ვიხილავთ.