„სრულყოფილი პერფორმანსი, თავდადება დაცვაში“ | ფრანგული პრესა კვარას თამაშს აფასებს
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას განაგრძობს. მერვედფინალში, ფრანგულმა გრანდმა ასპარეზობას „ლივერპული“ გამოთიშა და მომდევნო ეტაპზე თერთმეტმეტრიანების სერიის წყალობით გავიდა (1:0 ძ.დ. 4:1 პენალტებში). ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 101 წუთი გაატარა და ცნობილი ფრანგული გამოცემები მის თამაშს გამოეხმაურნენ.
Footmercato (5.5 ქულა): „ბრედლი ბარკოლას და უსმან დემბელეს თავიანთი შანსები რომ არ გაენიავებინათ, ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტაიმის შემდეგ, ორი საგოლე გადაცემა ექნებოდა. გოლის გატანის შანსი ქართველ ფეხბურთელსაც მიეცა, მაგრამ მისი დარტყმა დაბლოკეს. პარი სენ-ჟერმენისთვის, მისი ტექნიკური სიზუსტე, მთელი შეხვედრის განმავლობაში მნიშვნელოვანი აქტივი იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა გრძელი პერიოდები, როცა ბურთი საერთოდ არ მისდიოდა. საერთო ჯამში, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება, კუთხურის შემდეგ, სალაჰის დარტყმის მოგერიება და გუნდის გადარჩენა იყო. მის მიერ დაცვაში გაწეული სამუშაო საქებარ სიტყვებს იმსახურებს“.
Maxifoot (6 ქულა): „მარცხენა ფლანგზე გამწესებული გარემარბი აქტიურობდა. კონტრშეტევაზე, ქართველმა ფეხბურთელმა ბარკოლას საგოლე მომენტი შეუქმნა, მაგრამ ბრედლიმ ალისონს ვერ აჯობა. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს საფრთხეს უქმნიდა და კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა რაიან გრავენბერხს მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში, ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა და დაცვით სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული“.
Sofoot (6 ქულა): „მას უკვე ყველაფერი აქვს, რაც ნამდვილ პარიზელს სჭირდება. ელეგანტურია, ბრწყინვალე დრიბლიორია და ძლიერი დარტყმით გამოირჩევა, მაგრამ დიდ მატჩებში გადამწყვეტი ჯერ ვერაა“.
Eurosport (6 ქულა): „კიდევ ერთი დიდი მატჩი ქართველი ფეხბურთელისთვის. პირველი შეხვედრის მსგავსად, საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. თანაც ორჯერ. პირველად დაუბლოკეს, მეორედ - ააცილა. გადამწყვეტ პასებს ზუსტად ასრულებდა და ბარკოლა და დემბელე ხელსაყრელ მდგომარეობაში დატოვა. დაცვაში ერთი წამითაც არ გაჩერებულა და გულსა და სულს დებდა, რაც 62-ე წუთზეც გამოჩნდა, როცა მოჰამედ სალაჰის დარტყმა მოიგერია და გუნდი გოლს გადაარჩინა“.
Goal (7 ქულა): „პირველ შეხვედრაზე ნაკლებად კაშკაშა, მაგრამ გუნდისთვის მაინც ძვირფასი. მისმა აქტიურობამ, დრიბლინგმა და გავლენამ ლივერპულის კართან სახიფათო მომენტები შექმნა. დაცვით ფაზაში ჩართული იყო და მეორე ნახევარში გუნდი გადაარჩინა. სრულყოფილი პერფორმანსი ქართველი ფეხბურთელისგან“.
90Min (5.5 ქულა): „36-ე წუთზე, ლივერპულის კარისკენ დაარტყა, მაგრამ ბოლო წამს, წითლები გრავენბერხმა გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპონენტში წარმატებისთვის არ მიუღწევია. ქართველმა ფეხბურთელმა გვაჩვენა პერფორმანსი, რომელშიც გამარჯვების სურვილი იგრძნობოდა. ლივერპულის დონის მეტოქის წინააღმდეგ ეს ნორმალური მოვლენაა, თუმცა, მისი თავდადება განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია“.
L’Equipe (6 ქულა): „ვიგრძენით, რომ ფორმაში იყო და რამდენიმე ბრწყინვალე მომენტი შექმნა (ბარკოლას ეპიზოდი მე-17 წუთზე, დემბელესი 32-ე წუთზე და დაბლოკილი დარტყმა 35-ზე), თუმცა, საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა და გადამწყვეტი არ იყო. ორთაბრძოლებში მტკიცედ შედიოდა და 62-ე წუთზე, მოჰამედ სალაჰის დარტყმის შემდეგ, საკუთარი გუნდი გადაარჩინა. წითლებმა აიძულეს, უმეტეს წილად, დაცვით მოვალეობებზე ეზრუნა“.
LeParisien (6 ქულა): „ქართველმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგზე ენერგიის ნამდვილი აფეთქება გამოავლინა. ბარკოლას მარჯვენა ფლანგზე ხშირად ეხმარებოდა და პირველ ტაიმში მარჯვენა ფეხით გაისროლა. მეორე ტაიმში ნაკლებად შესამჩნევი იყო, ისევე, როგორც მთელი გუნდი. 88-ე წუთზე ჯარიმა დაარტყა, მაგრამ ბურთმა კარამდე არ მიაღწია. 101-ე წუთზე მის ნაცვლად ლი გამოვიდა“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, პენალტები კი ვიტინიამ, გონსალუ რამუშმა, დემბელემ და დეზირე დუემ გამოიყენეს. „ლივერპულის“ მხრიდან პენალტები კერტის ჯონსმა და დარვინ ნუნიესმა გააფუჭეს.